შინაგან საქმეთა სამინისტრო “მწვანე სკოლაში” მომხდარ ფაქტს ეხმაურება
შინაგან საქმეთა სამინისტრო “მწვანე სკოლაში” მომხდარ ფაქტს ეხმაურება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, მოზარდი, სკოლის იერსახის დამახინჯების ფარგლებში დაწყებული გამოძიების დროს, მშობლის თანდასწრებით გამოიკითხა.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია “მწვანე სკოლაში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. 10 დეკემბერს “112“-ში შესული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველმა განყოფილებამ თბილისში, “მწვანე სკოლის“ შიდა და გარე კედლების იერსახის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
“112”- ში შეტყობინება სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა განახორციელა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა გამომძიებელმა მოწმის სახით საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები გამოკითხა, მათ შორის: შეტყობინების ავტორი – სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი და დედის თანდასწრებით არასრულწლოვანი, რომელმაც “მწვანე სკოლის“ კედლების დაზიანების ფაქტი უარყო. მეორე დღეს, 11 დეკემბერს, მშობლის ინიციატივით, არასრულწლოვანი, დედასთან ერთად, კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მას დამატებითი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით არ მოუწოდებია და დაახლოებით, 40 წუთში, პოლიციის განყოფილება მშობელთან ერთად დატოვა. მშობლის გარეშე არასრულწლოვნის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ განხორციელებულა. რაც შეეხება, არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას, აღნიშნულს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ინსპექტორის სამსახურთან. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩვენს მიერ უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები”,- განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის განყოფილებაში 3–საათიანი დაკითხვის შემდეგ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა.
როგორც წყარო ოჯახის წევრებზე დაყრდნობით აცხადებს, პოლიციელები მოზარდს “მწვანე სკოლის” შენობაში კედელზე გარკვეული წარწერების გაკეთების აღიარებას აძალებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოზარდის ძმისთვის, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა, პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდი მეცხრე სართულიდან ამ დაკითხვის შემდეგ გადმოხტა.