გუგული მაღრაძე: ყველამ აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერი ქვეყანაა
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, გუგული მაღრაძემ შეფასებები პოლიტიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტების მუშაობაზე გააკეთა. პარლამენტის წევრის შეფასებით, საპარლამენტო ღონისძიების მონაწილეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო ლიდერ ქვეყანას წარმოადგენს და ყოველივე ეს იმ რეფორმების და დემოკრატიული პროცესების შედეგია, რომელსაც ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებს.
“პოლიტიკურ კომიტეტზე ყურადღება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე გამახვილდა და ყველა გამომსვლელის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ის რეფორმები, რომლებიც საჯარო სამსახურის, ღია მმართველობის, ანგარიშვალდებულობის გაზრდის, პოლიტიკურ პროცესებში და თვითმმართველობის საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით განხორციელდა, საქართველომ აღნიშნული შეფასებები ღირსეულად დაიმსახურა. სხდომაზე ასევე აღინიშნა გამოხატვის თავისუფლების დაცულობის ხარისხი და მედია პლურალიზმის მდგომარეობა. სოციალურ საკითხთა და განათლების კომიტეტზე ქართული დიპლომების ევროპაში აღიარების საკითხებზე და შესაბამის აკრედიტაციის პროცედურებზე ვისაუბრეთ. რაც შეეხება სოციალურ თემატიკას, კომიტეტი საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში უშუალოდ დეპუტატების ჩართულობას შეეხება. ძალიან საინტერესო გამოსვლები იყო დასაქმების საკითხებზეც, ვიმსჯელეთ თუ რა პრობლემებია ამ კუთხით საქართველოში და სხვა ქვეყნებში. ასევე შეხვედრა ჩატარდა ასოცირების ხელშეკრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და იმ საპარლამენტო კავშირის შესახებ, რომელიც უკვე არსებობს და სამ ქვეყანას აქვს ხელი მოწერილი. აღსანიშნავია, რომ ასამბლეის ფარგლებში სპეციალური ცალკე ჯგუფი ბელორუსიის საკითხზე მუშაობს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მხარი დავუჭიროთ ბელორუსიას, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ევრონესტს იმიტომ, რომ ის ერთ -ერთი ცენტრალური ქვეყანაა ჩვენს რეგიონში და იქ მიმდინარე პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის”,- განმარტა მაღრაძემ.
დღეს, საპარლამენტო ასამბლეა საკომიტეტო სხდომებით გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში საპარლამენტო ღონისძიების მონაწილეებმა პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის, ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტებზე რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკური ვითარებაზე მოხსენებები მოისმინეს და სოციალური კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. კომიტეტების სხდომებზე განხილვის საგანს ასევე წარმოადგენდა საარჩევნო თემატიკა, ეროვნული კანონმდებლობების ერთიან ევროპულ ღირებულებებთან ჰარმონიზაციის პროცესი, გარემოს დაცვითი საკითხები და ენერგეტიკული პროექტები.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობა ხვალ ბიუროს შეხვედრით და სესიის გახსნით გაგრძელდება.