ანდრია გვიდიანი: ბიძინა ივანიშვილი უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ მთლიან ოპოზიციურ სპექტრს ყოველთვის ასით ნოლს უგებს

ბიძინა ივანიშვილი უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ მთლიან ოპოზიციურ სპექტრს ყოველთვის ასით ნოლს უგებს,- ასე გამოეხმაურა ეკონომისტი ანდრია გვიდიანი “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

როგორც გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს, “ქართული ოცნების” მზის ჩასვენების შესახებ არსებული ეჭვები ერთი მხრივ, ძალიან ნაადრევი, ხოლო, მეორე მხრივ, სულელურია.

“ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ვუყურე. სოციალურ ქსელშიც დიდი ჟივილ-ხივილია ატეხილი ამ ინტერვიუზე და, ძირითადად, ცინიკური და პრაგმატიზმისგან დაცლილი კრიტიკა ისმის. ასეთი ირონიული კრიტიკა ბუნებრივიც არის იმდენად, რამდენადაც კონსტრუქციული და შინაარსობრივი კრიტიკა ძალიან რთული საქმეა, რაც, სამწუხაროდ, ოპონენტებს არ შეუძლიათ. ყოველთვის ვამბობდი, რომ საქმეზე ლაპარაკი მათი ძლიერი მხარე არ არის და არსებით მსჯელობას არც მოველოდი. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ეს კაცი ყოველთვის ასით ნოლს უგებს უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ მთლიან ოპოზიციურ სპექტრს. ახლა რაც შეეხება საკუთრივ ინტერვიუს და ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას. რამოდენიმე შთაბეჭდილება დამრჩა და მინდა გაგიზიაროთ. პირველი – ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ადამიანი აქტუალობას არ კარგავს. ეკრანზე მისი ერთი გამოჩენაც კი საკმარისია, რომ მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის, თუ პოლიტიკისგან აბსოლუტურად დაცლილი საზოგადოების მთავარი სასაუბრო თემა ივანიშვილის გამოჩენა ხდება. მიმაჩნია, რომ ეს გარემოება პოლიტიკოსის შეფასების თვალსაზრისით ერთ-ერთი განმსაზღვრელი და, ვფიქრობ, ძირითადი ფაქტორია. მეორე – გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მას მთლიანი პოლიტიკური კონიუქტურის სიღრმისეული ანალიზი აქვს გაკეთებული. პრობლემები, მიღწევები, მათი გამომწვევი მიზეზები, თუ შედეგები სრულად აწონ-დაწონილი და შინაარსობრივად გააზრებული აქვს. მესამე – ნათლად გამოჩნდა, რომ ამ დროის განმავლობაში გადადგმული ყველა ნაბიჯი, თუ მიღებული გადაწყვეტილება ზედმიწევნით გათვლილი და კონკრეტულ ანალიზზე აქვს დაფუძნებული. მეოთხე – მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში შემოიტანა სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც გულისხმობს მხოლოდ რაციონალურ, ინფანტილიზმისგან სრულად დისტანცირებულ პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას. მეხუთე – დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილს საკმაოდ ბევრი აქვს ნაფიქრი სამომავლო გეგმებზე და გადასადგმელ ნაბიჯებზე. ამ გეგმებთან მიმართებით კი, საფუძველი უკვე ჩაყრილია და, როგორც ზევით ვთქვი, ამ ყველაფერს გეგმაზომიერი და თანმიმდევრული ნაბიჯები განსაზღვრავს. მეექვსე – აქამდეც ვიცოდი, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილი უდაოდ დიდი მოთამაშეა, რომელსაც დიდი მიზნები და კიდევ უფრო დიდი გეგმები გააჩნია. მეშვიდე – “ქართული ოცნების” მზის ჩასვენების შესახებ არსებული ეჭვები ერთი მხრივ, ძალიან ნაადრევი, ხოლო, მეორე მხრივ, სულელურია. მერვე – ნებსით თუ უნებლიედ ივანიშვილი სარგებლობს ოპოზიციის უნიათობით, სისუსტით, კონკრეტული ხედვების არარსებობით და სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზებით. შესაბამისად, ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ არათუ რევოლუციას მოუწყობენ, არამედ ვერაფერს დააკლებენ მანამ, სანამ არ დაბრუნდებიან კონსტრუქციულ და ჯანსაღ რთულ პოლიტიკურ სივრცეში. ასე რომ, მიუხედავად საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტისა და უკმაყოფილებისა, ყველაფერი წინ არის. ოპოზიციური პარტიების აქტივისტების მიერ საზოგადოების სახელით ლაპარაკი უშედეგოა და, ბუნებრივია, ეს ვერ გახდება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების განმსაზღვრელი ფაქტორი. მოკლედ რომ ვთქვა, “იშო ნი ვეჩერ…”,- წერს გვიდიანი.

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა “იმედის“ ეთერში გადაცემა “SWOT ანალიზში“ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები