ნათია მეზვრიშვილი: საქართველო მასპინძლობს მნიშვნელოვან და წარმომადგენლობით ფორუმს – “ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ”

თბილისში, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი იმართება სახელწოდებით “ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ”. ღონისძიება ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ფორუმი საკმაოდ წარმომადგენლობითია და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე წარმომადგენლები და სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტები აშშ-დან.

“დღეს საქართველო მასპინძლობს ძალიან მნიშვნელოვან ფორუმს – “ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ”. ბუნებრივია, ჩვენ ამ ფორუმში მონაწილეობას ვიღებთ, ვინაიდან საკითხი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. კონფერენციაზე ჩვენი მხრიდან საუბარი იქნება იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან, ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით და ერთობლივი ნაბიჯებით, ყოველდღიურად იდგმება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ასევე, აქცენტები გაკეთდება, თუ რა არის საჭირო მომავალში, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ეფექტიან ნაბიჯებს დგამს.

“მთავრობის მხრიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტიანი მექანიზმები, როგორც კონკრეტულ სამინისტროებში, ისე ცენტრალიზებულ დონეზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. როგორც ტრენინგების და კონფერენციების ფორმატში, ისე ზოგადად ამ მიმართულებით ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ფორუმის მიზანი სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარება და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები