ლადო ბოჟაძე: პროცესი უნდა დარჩეს კონსტიტუციის ფარგლებში

სახელმწიფო ორგანოებს არ უნდა შეექმნათ ფუნქციონირების პრობლემა, თუ ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები მოახერხებენ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ბუნებრივია, სამოქალაქო სექტორი მზად ვართ, ჩავერთოთ ამ პროცესში, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში უნდა დარჩეს. „აზრის და გამოხატვის თავისუფლება, ასევე შეკრებების და მანიფესტაციების თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ეს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებაა, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ ყველანი უნდა დავრჩეთ კანონმდებლობის და კონსტიტუციის ფარგლებში . ჩვენ უკვე მოვისმინეთ ოპოზიციის ლიდერების განცხადება, რომ ისინი მწვავე პროტესტს განახორციელებენ, მაგრამ ეს არ გასცდება კონსტიტუციურ ფარგლებს.
იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასეც იქნება, რადგან საფრთხე შეიძლება, დაემუქროს ყველაზე მთავარს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე საარჩევნო სისტემაა, ესაა ქვეყნის სტაბილურობა. თუ მოხდება პარლამენტის პიკეტირება და პარლამენტი ვერ შეძლებს მუშაობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ სახელმწიფო ბიუჯეტს, იმ კანონებს, რომელიც დღის წესრიგში დგას, ამან ბევრ ადამიანს, შეიძლება, ცხოვრება გაურთულოს. ეს არის ერთი საკითხი და აქედან გამოსავალი ყველამ ერთად უნდა მოვძებნოთ. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას – მე სწორედ იმიტომ მჯეროდა, რომ ბოლომდე ეს რესურსი იქნებოდა გამოყენებული. იცით, ჩატარდა საერთო-სახალხო განხილვები, იყო საერთო შეთანხმება“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ, რამაც აიძულა ოპოზიცია კვლავ გასულიყო ქუჩაში, რამაც დაპირისპირება და პოლარიზება კიდევ უფრო გააღრმავა. „რაც შეეხება გამოსავალს- არ ვიცი, რა შეთანხმების მოდელი შეიძლება არსებობდეს, რომ დასხდნენ პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლება და ოპოზიცია, რა რესურსი შეიძლება გამოვნახოთ, რა საარჩევნო მოდელი შეიძლება მივიღოთ ერთჯერადად ამ სიტუაციაში გამოსავლად, ეს შეიძლება საჭიროებდეს კონსტიტუციაში ცვლილებებს, შეიძლება საჭიროებდეს მხოლოდ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე თავად ოპოზიცია არ არის ჩამოყალიბებული და მათი ყველა მოთხოვნა არის არა თანმიმდევრული, არამედ პირიქით, ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ვფიქრობ, პროტესტი გასაგებია, მისაღებია, სამართლიანია, რადგან, ყველა ველოდით, რომ გარკვეული ცვლილებები იქნებოდა, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პარლამენტმა. პროცესი უნდა დარჩეს კანონმდებლობის და კონსტიტუციის ფარგლებში. სახელმწიფო ორგანოებს არ უნდა შეექმნათ ფუნქციონირების პრობლემა. პარლამენტის პიკეტირება, რომელსაც მოჰყვება პარლამენტის მუშაობის შეფერხება, არ არის კანონიერი. თუ ხელისუფლება, ოპოზიციური პარტიები მოახერხებენ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ბუნებრივია, სამოქალაქო სექტორი ასევე მზად ვართ, ჩავერთოთ ამ პროცესში. სრულიად საარჩევნო პროპორციული სისტემა უკვე გაწერილი გვაქვს კონსტიტუციაში, ამიტომ საუბარია მხოლოდ იმ საარჩევნო მოდელზე,რომელიც ერთჯერადად იქნება გამოსავალი იმ სიტუაციიდან რასაც ჰქვია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ბოჟაძემ.

​შეგახსენებთ, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას საპროტესტო აქციების განახლება მოჰყვა. ოპოზიციამ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნა წაუყენეს. აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს და დღეს დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ვერ შევიდნენ. თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები