დიმიტრი ლორთქიფანიძე: ფილმი პორნოგრაფიულ კონტენტებს შეიცავს, ჩვენ მივმართეთ შსს-ს და პროკურატურას

ფილმ And Then We Danced-თან დაკავშირებით შსს-ს და პროკურატურას მივმართეთ , – ამის შესახებ უფლებადამცველმა, ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფილმი პორნოგრაფიულ კონტენტებს შეიცავს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე მოითხოვს, “და ჩვენ ვიცეკვეთ” ფილმის ჩვენება გადაიდოს მანამ, სანამ ფილმში პორნოგრაფიული კონტენტის შემცველობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა არ ჩატარდება.

„დღეს იქნება უპრეცედენტო ხასიათის პროტესტი. პროტესტი მთლიანად იქნება დამყარებული სამართლებრივ არგუმენტებზე. იმდენად რკინისებური იქნება ჩვენი არგუმენტები ამ ფილმის ჩვენების შეჩერების გარდაუვალობასთან დაკავშირებით , რომ თავად საზოგადოება დარწმუნდება, მას შემდეგ რაც მტკიცებულებებს წარმოვადგენთ.

გუშინ ჩვენ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას ორი ძირითადი არგუმენტის მოშველიებით. დღეს დამატებითი დანართის სახით მტკიცებულებებს წარვუდგენთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შეიცავს პორნოგრაფიულ კონტენტებს, რაც ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არის გამომრიცხავი გარემოება ასეთი ფილმის კინოჩვენებაში და კინოგაქირავებაში ჩაშვებასთან დაკავშირებით. მეორე და არც თუ ნაკლები არგუმენტის მტკიცებულება გახლავთ ის, რომ ამ ფილმის გაშვების ორგანიზატორებს ეყოთ თავხედობა და ცენტრალურ აფიშებზე დაიტანეს ასაკობრივი ცენზის განმსაზღვრელი გრიფი ლათინური ასობგერა – R, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფილმზე დასწრების უფლება აქვთ როგორც მცირეწლოვნებს, ისე არასრულწლოვნებს როგორც მშობლის ან მოზრდილი ადამიანის თანდასწრებით, რაც პორნოგრაფიული კონტენტის არსებობის შემთხვევაში ვერ იცავს მოზარდებს მავნე ზეგავლენისგან“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, ფილმის პრემიერა დღეს იგეგმება. პრემიერას გარკვეული ჯგუფები აპროტესტებენ და ჩვენების ჩაშლას გეგმავენ . შსს -ში აცხადებენ, რომ “იმოქმედებენ კანონის ფარგლებში“.

ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება საქართველოში 3 დღის განმავლობაში გაიმართება. ფილმი წელს შვედეთმა ოსკარზე გააგზავნა, თბილისში კი მასზე დასასწრები ბილეთები უკვე სრულად გაიყიდა.
“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები