მამა დავით რუხაძე: ფილმში გაუგონარი სიბილწეა ასახული, ბილეთები დააბრუნეთ, ან დახიეთ და გადაყარეთ

მამა დავით რუხაძე ფილმის „და ჩვენ ნახვის მსურველებს მოუწოდებს, პრემიერის ბილეთები დახიონ და ფილმის სანახავად არ მივიდნენ. ამის შესახებ მამა დავითმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რამდენიმე კვირის წინ კინოთეატრ „ამირანში“ გადიოდა ფილმი შინდისის გმირების შესახებ. ისინი თანამედროვე მოწამეები არიან. თუ ასეთი გმირობის მაგალითებზე გვინდა, გავზარდოთ შვილები და შემდეგ მავანს და მავანს სურს კაცების სიყვარული, მამათმავლობა, გარყვნილი ცხოვრების წესი დანერგოს ჩვენს ქვეყანაში, ამით, რა თქმა უნდა, მებრძოლ სულსაც ვაკნინებთ. ეს აღმაშფოთებელია. სამართლიანია მორწმუნე ხალხის შიში და მღელავრება იმის გამო, რომ ჩვენ თაობებს დავკარგავთ ასეთი მაგალითებით.
რა კადრებიც გავრცელდა რეკლამაში, იქ კიდევ არ არის ნაჩვენები ყველაფერი, რისი შემცველიცაა ეს ფილმი. გუშინ „ფეისბუქზე“ გავრცელდა კადრები, სადაც გაუგონარი სიბილწეა ასახული, როგორ წვება კაცი კაცთან, როგორ კოცნიან ერთმანეთს შიშვლები. ამას ვაჩვენებთ ჩვენ თანამედროვე მამაკაცებს, მომავალ თაობას? ასე გავზრდით ჩვენ გმირებს? როდესაც ახალგაზრდა, ჩამოუყალიბებელი ბიჭი უყურებს ამ ფილმს, როგორ ფიქრობთ, მის გონებაზე ზომბირება არ მოხდება? მას არ მოუნდება იგივეს გაკეთება? ეს ხომ გარყვნილებაა? როცა გარყვნილებისკენ ვუბიძგებთ მომავალ თაობას, ღმერთი არ მოხედავს ასეთ ერს და წარმატებაც არ იქნება.

საზოგადოების აღშფოთება სამართლიანია. ვაპირებ იმას, რომ როგორც მართლმადიდებელი მღვდელი, მშვიდობიანად დავდგე და გავაპროტესტო. მინდა, ერთი თხოვნით მივმართო იქ მისულ ხალხს – ეყოთ სამოქალაქო გამბედაობა, ან საერთოდ არ მივიდნენ, ან შეძენილი ბილეთები დააბრუნონ, ან დახიონ და გადაყარონ“- განაცხადა მამა დავით რუხაძემ.

ცნობისთვის, ფილმის პრემიერა დღეს იგეგმება. ფილმის პრემიერას სხვადასხვა ჯგუფი აპროტესტებს და ჩვენების ჩაშლას გეგმავს. შსს -ში აცხადებენ, რომ “იმოქმედებენ კანონის ფარგლებში“.

ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება საქართველოში 3 დღის განმავლობაში გაიმართება. ფილმი წელს შვედეთმა ოსკარზე გააგზავნა, თბილისში კი მასზე დასასწრები ბილეთები უკვე სრულად გაიყიდა.
“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები