“აბრეშუმის გზის ფორუმი კარგი შესაძლებლობაა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოპულარიზაციისთვის”

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი კარგი შესაძლებლობაა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოპულარიზაციისთვის. ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი დერეფნის ცნობადობის გაზრდას და შემდგომ განვითარებას და რაც მთავარია, ტვირთების გადმომისამართებას სხვა ალტერნატიული მარშრუტებიდან”, – ამის შესახებ ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ გოგოლმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ტვირთბრუნვა დერეფანში მზარდია, მაგრამ პოტენციალი გაცილებით დიდია და ეს შესაძლებლობა დღეს არ არის ათვისებული.

„საქართველოს აქვს ყველა რესურსი, რომ შეასრულოს რეგიონული, სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული, ასევე სამრეწველო ჰაბის ფუნქცია ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში. ამდენად, მნიშვნელოვანია საქართველოს ამ შესაძლებლობების ეფექტური პრომოცია,“ – განაცხადა ნიკოლოზ გოგოლმა.
​ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის გენერალურმა დირექტორმა ასევე ყურადღება გაამახვილა ფორუმზე, როგორც საკომუნიკაციო პლატფორმაზე, რომელსაც ასობით ბიზნესმენი ესწრება.

„ფორუმი ასევე არის კარგი შესაძლებლობა გაეცნო სექტორის სიახლეებს, შეხვდე პოტენციურ პარტნიორებს და ამით საფუძველი ჩაუყარო ახალ საქმიან ურთიერთობებს”,- განაცხადა ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გოგოლმა.
​ფორუმი თბილისში 22-23 ოქტომბერს მესამედ ტარდება. მასზე მოწვეულია 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი. აბრეშუმის გზა, როგორც გლობალური ინიციატივა, გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ვაჭრობის გაძლიერებას, მეტი ინვესტიციების მოზიდვას და ზოგადად, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას პროექტში მონაწილე ქვეყნებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები