ზაალ კასრელიშვილი: თუ დასავლეთი თურქეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებს, ეს ეკონომიკურ რყევებს საქართველოშიც გამოიწვევს

თუ დასავლეთი თურქეთს მკაცრს სანქციებს დაუწესებს, ეს ეკონომიკურ რყევებს საქართველოშიც გამოიწვევს, – ამის შესახებ “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

კასრელიშვილი თურქეთ-სირიას შორის შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.

„რამდენიმე წლის წინ რუსეთი შევიდა სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით. მიზეზი იყო მისთვის სასურველი, ასადის ხელისუფლების გადარჩენა და იმ ერთადერთი საზღვაო პორტის შენარჩუნება, სადაც მისი სამხედრო ბაზაა განთავსებული. ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ რუსეთის ინტერესების ასეთი აგრესიული დაცვა გამოიწვევდა სირიის ტერიტორიაზე ირანის სახელმწიფოებრივი ინტერესების გააქტიურებას , ასევე თურქეთის და ქურთებისაც. დღეს თურქეთი სირიის ტერიტორიაზე შევიდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით. სინამდვილეში კი ამის მიზეზია თურქმენებით დასახლებულ ტერიტორიებზე გავლენების აღდგენა და მოპოვება, რადგან თვლის, რომ ის ისტორიულად ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ამ ტერიტორიიდან არ გამოვა, შეიძლება გაჩერდეს, მაგრამ ამ ტერიტორიიდან, როგორც მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში, არ გამოვა, რაც აუცილებლად გამოიწვევს შიიტი მოსახლეობის მხარეში, ირანის საზღვართან, ირანის სახელმწიფოებრივი ინტერესების გააქტიურებას, ასევე ქურთების ინტერესების დამცველთა გააქტიურებას. დღეს მთელი მსოფლიო უკვე ალაპარაკდა ქურთებზე, როგორც ერთიან ხალხზე. ჩვენ ძალიან მალე ველოდებით, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ასევე ევროსტრუქტურებში, უკვე დაიწყება საუბრები ამ ხალხის ბედსა და მომავალზე. თუ ვინმემ არ იცის, მინდა შევახსენო, რომ ისინი 4 სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ და ნებისმიერი დიდი სახელმწიფოსთვის ძალიან საინტერესო გეოგრაფია აქვთ მთელი რეგიონის გასაკონტროლებლად.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს საფრთხეები ემუქრება ორი მიმართულებით: ერთი ლტოლვილების მიმართულებით და მეორე, თუ დასავლეთი დაუწესებს მკაცრს სანქციებს თურქეთს. მოგეხსენებათ, ვაჭრობა, საქონელბრუნვა საქართველოს ყველაზე დიდი პროცენტული ოდენობით აქვს რუსეთთან და თურქეთთან. თურქეთში სანქციები გამოიწვევს ლირის კურსის ვარდნას, პროდუქციის გაძვირებას, შემდეგ ეს გაძვირებული პროდუქცია საქართველოს საზღვარზე მოხვდება და აქაც გამოიწვევს გარკვეულ ეკონომიკურ რყევებს.
თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იმუქრება, რომ ის გაუშვებს რამდენიმე მილიონ ლტოლვილს ევროპის მიმართულებით. ვფიქრობთ, რაღაც ნაკადი აქეთაც შეიძლება მოხვდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი კარგად იცნობენ კავკასიას. ვფიქრობ, ევროპულ სტრუქტურებთან შეთანხმებით, ეს ხალხი უნდა გავატაროთ ეკონომიკურად უფრო სტაბილურ ქვეყნებში“- განაცხადა კასრელიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ განაცხადა, რომ თურქეთი ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე დასთანხმდა. მისი თქმით, თურქეთი სირიაში საომარ ოპერაციებს წყვეტს, რათა ქურთულ ძალებს შესაძლებლობა მიეცეთ, 120 საათის განმავლობაში “უსაფრთხოების ზონა” დატოვონ.
თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციას მაშინ დაასრულებს, როცა ტერორისტები უსაფრთხოების ზონას დატოვებენ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, სირიაში თურქეთის ანტიტერორისტული ოპერაციის დროებით შეჩერება ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს.

„როდესაც ოპერაციას შევაჩერებთ, აშშ სანქციების დაწესების მცდელობას შეაჩერებს, ოპერაციას კი მაშინ დავასრულებთ, როცა წინაპირობები შესრულდება,“ – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ და დასძინა, რომ ოპერაცია მაშინ დასრულდება, როცა „ქურთების სახალხო დაცვის ტერორისტები რეგიონს დატოვებენ.“
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ თურქეთი და აშშ ქურთების სახალხო დაცვის (YPG) შეიარაღების შეგროვებასა და მათი ფორტიფიკაციებისა და სხვა პოზიციების გაუვნებელყოფაზე შეთანხმდნენ.
„ამერიკულმა მხარემ გააცნობიერა უსაფრთხოების ზონის მნიშვნელობა”, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისი მტკიცებით, შეთანხმება მიღწეულია იმაზე, რომ „უსაფრთხოების ზონა“ თურქეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მოექცევა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები