ზაზა სარალიძის ადვოკატი: ეს საქმე არ დასრულებულა, კიდევ ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი

“ჩვენ ვერ მივიჩნევთ, რომ ეს საქმე დასრულდა, ეს საქმე არ დასრულებულა, ვინაიდან კიდევ ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი”, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით  მიხეილ კალანდიას დაკავება, გარკვეულწილად, სასამართლოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ განაპირობა. ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდა.
„პირველი ნაბიჯი სამართლიანობისკენ გადადგმული იყო საქალაქო სასამართლოს განაჩენით, რომელმაც პირდაპირ მიუთითა პროკურატურას, რომ საქმე იყო გამოუძიებელი და არ იყო გამოკვეთილი დამნაშავე პირები.
პროკურატურა მთელი ხნის განმავლობაში ცდილობდა, დაეცვა თავისი პირვანდელი ბრალდება. დარწმუნებული ვარ, რომ თუ სასამართლო მოექცეოდა პროკურატურის გავლენის ქვეშ, არ გვექნებოდა ის სურათი, რაც დღეს გვაქვს. გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სამართლიანობისკენ. სასამართლო კიდევ ერთხელ არ მოექცა პროკურატურის გავლენის ქვეშ და მან მიიღო სამართლიანი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კითხვა: რატომ დღეს და არა აქამდე? ყველა ეტაპზე ხდებოდა ბრძოლა იმისათვის, რომ სამართლიანობა აღდგენილიყიო. ზაზა სარალიძე არაერთხელ ამბობდა, რომ მიხეილ კალანდია იყო სავარაუდო მონაწილე მისი შვილის მკვლელობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არაერთი პირი მიუთითებდა მიხეილ კალანდიას მონაწილეობას. არაერთი მტკიცებულება იყო მის წინააღმდეგ, მაგრამ, რატომღაც, პროკურატურამ ბოლო დღემდე არ გადადგა ქმდითი ნაბიჯები. იყო საგამოძიებო კომისიის რეკომენდაცია, იყო სახალხო დამცველი რეკომენდაცია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვები, მაგრამ პროკურატურა დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც, პირადად მე მივიჩნევ, რომ არის არასწორი ნაბიჯი. მაშინ, როდესაც საქმეში მოიპოვება მტკიცებულებები და გვაძლევს იმის  საფუძველს, რომ შესაძლებელია, ეს ქმედება იქამდე განეხორციელებინა, არ უნდა ხდებოდეს საქმის აქამდე მოყვანა და შემდეგ გარკვეული ქმედებების განხორციელება
ჩვენ ყოველთვის ვამახვილებდით ყურადღებას, რომ სუბელიანის ქმედებაშიც, იმ დანაშაულის გარდა, რისთვისაც ის იხდის სასჯელს, შეიმჩნევა სხვა დანაშაულის ნიშნებიც და ეს შესწავლას საჭიროებს. თუნდაც ავიღოთ ის გარემოება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვიხილეთ ფარული ჩანაწერი, რომელიც არ არის შესწავლილი, როგორ, რანაირად, ვის მიერ და როგორ მოხდა ჩაწერა, ეს კიდევ ერთი ეტაპია. არ არის შესწავლილი ამ ჩანაწერში გაჟღერებული დანაშუალის ნიშნები.

ჩვენ ვერ მივიჩნევთ, რომ ეს საქმე დასრულდა, ეს საქმე არ დასრულებულა, ვინაიდან კიდევ ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, თუნდაც სამოხელეო დანაშაული, ვინ და რატომ მიიყვანა ეს საქმე აქამდე. საზოგადოებამ თვალ-ყური უნდა მივადევნოთ იმას, თუ როგორ განვითარდება შემდგომ მოვლენები “, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია დღეს, 4 ივნისს დააკავა.
3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი გ.ჯ დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, დაუდგენელ პირთან ერთად.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები