ოთარ ანგურიძე: რეიტინგების გაუმჯობესება ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას შეუწყობს ხელს

საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „S&P“– მ გააუმჯობესა და სტაბილურიდან პოზიტიურად გაზარდა. თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის, ოთარ ანგურიძის განცხადებით, პერსპექტივის გაუმჯობესება ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს შესაძლებლობა, გადააჭარბოს სარეიტინგო კომპანიის პროგნოზებსა და მოლოდინებს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კომპანიის შეფასებები საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე. კერძოდ, აღსანიშნავია სავალუტო კურსის მიმართ ეროვნული ბანკის დამოკიდებულება და თავისუფალი გაცვლითი კურსის შენარჩუნება; საქართველოს ფისკალური სექტორის მხრიდან შენარჩუნებული მდგრადობა და სახელმწიფო ვალის მშპ-სთან სტაბილურ დონეზე შენარჩუნება; საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობის შესაბამის მიზნობრივ მაჩვენებელთან შენარჩუნება; ბოლო ორ წელში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება; პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მიმართ განხორციელებული რეგულაციები და სხვა.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ „S&P“ – ი განსაკუთრებულად გამოყოფს და დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მხრიდან დაგეგმილ და განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, აღსანიშნავია კაპიტალური დანახარჯების პრიორიტიზაცია, დეპოზიტების დაზღვევა, მიწის, საპენსიო, განათლებისა და საგადასახადო რეფორმები.

„მიუხედავად პოზიტიური შეფასებისა, სარეიტინგო კომპანია ასახელებს რისკებსაც, რომელიც ჩვენი ეკონომიკის წინაშეა. ესენია დოლარიზაციის კვლავ მაღალი მაჩვენებელი, სუსტი საგარეო სექტორი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესაძლო შემცირება, რომელიც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებას უკავშირდება. აღნიშნული გამოწვევების მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია მიიჩნევს, რომ ექსპორტის დივერსიფიკაციითა და უცხოური ინვესტიციების საშუალებით, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იქნება შესაძლებელი, რაც ძალიან საგულისხმოა“, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი რეიტინგების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას, გაზრდის ქვეყნის მიმართ საერთაშორისო ინტერესებს, რაც საბოლოოდ, ფინანსური რესურსების მიმართ შეღავათიანი პირობებით მეტ ხელმისაწვდომობაზე აისახება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები