გიორგი ქობულია: ქვემო ქართლის რეგიონში განვითარების დიდ პოტენციალს ეკონომიკის სამ ძირითად სექტორში ვხედავთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ბოლნისში ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პროფესიული გადამზადების პროგრამისა და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე – ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი – მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი – ნინო ჩიქოვანი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული – შოთა რეხვიაშვილი.
გიორგი ქობულიამ მეწარმეებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკის იმ სექტორებზე გააკეთა, რომელთა განვითარებაც, მისი შეფასებით, პრიორიტეტულია ქვემო ქართლის რეგიონისთვის. ამ ჩამონათვალში მინისტრმა გამოყო სამი მთავარი მიმართულება – კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.
„მთავრობა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ ამ რეგიონის უკეთესი განვითარებისთვის. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს ამ სექტორებში, ასევე, ვხედავთ გამოწვევებსაც. ვგეგმავთ, რომ რეგიონში ჩამოვიყვანოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ადგილობრივ, მცირე და საშუალო ბიზნესს კონსულტაციას გაუწევენ კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების კუთხით”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მისი თქმით, კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც აქვს განვითარების დიდი პოტენციალი, ტურიზმია.
„სახელმწიფო აქტიურად შეუწყობს ხელს იმ ინვესტორებს, რომლებიც ამ სექტორში განახორციელებენ ინვესტიციებს და გახსნიან ახალ სასტუმროებს. გარდა ამისა, აშენდება საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც, ასევე, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას”, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
ბოლნისში მინისტრთან გამართულ შეხვედრას ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები