ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატარინა მატერნოვას შეხვდა.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ყურადღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე გამახვილდა.
ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების პროცესში.
ივანე მაჭავარიანმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული განათლების რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივის შესახებ მიაწოდა.
„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო ინფორმაციის მიღება განათლების რეფორმის შესახებ, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი – მოსახლეობის ღარიბი ნაწილისთვის, რადგან სწორედ განათლებაზე გადის ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა. საქართველო კვლავ რჩება საკვანძო პარტნიორად ევროკავშირისთვის, რაც გამოიხატება ქვეყნისთვის, ყოველწლიურად, 120 მილიონი ევროს ოდენობის საგრანტო დახმარებით უზრუნველყოფაში. ჩვენ, ასევე, ვმუშაობთ ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც გულისხმობს სხვადასხვა პროექტისთვის სასესხო დაფინანსებასთან ერთად, საგრანტო დახმარებით ჩართულობას ინფრასტრუქტურის, ბიზნესის განვითარებისა და განათლების მიმართულებით“, – აღნიშნა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიზნით, ევროკავშირის მხრიდან გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერასა და იმ საინვესტიციო პროექტებსაც, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის მეშვეობით (NIP) ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: წყალმომარაგება, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები