“ინფლაცია წლიური მიზნობრივი მაჩვენებლიდან, ანუ ტარგეტირების ზონიდან გამოვა და ის 3%-იან მაჩვენებელს გადაცდება”
თბილისი: დეპუტატ შოთა შალელაშვილის განცხადებით, საბანკო რეგულაციებმა პრობლემები მაღალი შემოსავალის მქონე მოქალაქეებსაც შეუქმნა.
შალელაშვილმა პარლამენტის სესიაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს საბანკო რეგულაციებსა და წლიურ ინფლაციაზე დაუსვა შეკითხვები.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მარტში წლიურმა ინფლაციამ 3,7% შეადგინა, ეროვნული ბანკი კი მონეტარულ პოლიტიკას თანდათან ამსუბუქებს.
“სამომხმარებლო სესხების რეგულაციებზე მინდა, ვისაუბრო. რეგულაციებმა ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს. მე მესმის, რომ ეს არის დაკრედიტების სწრაფი ზრდის შემაჩერებელი ფაქტორი, მაგრამ არის დადასტურებული ფაქტები, რომ ადამიანები, რომლებიც ვერ იღებენ სესხს, არათუ ჭარბვალიანობა არ აწუხებთ, არამედ მაღალი შემოსავალი აქვთ.
მარტში წლიურმა ინფლაციამ 3,7% შეადგინა, თქვენ კი მონეტარულ პოლიტიკას თანდათან ამსუბუქებთ, უფრო მეტ ლარს უშვებთ მიმოქცევაში. ფულის მასა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, 7%-ით გაიზარდა და შეადგინა 631 მლნ ლარი. ხომ არ გამოიწვევს ეს იმას, რომ ინფლაცია წლიური მიზნობრივი მაჩვენებლიდან, ანუ ტარგეტირების ზონიდან გამოვა და ის 3%-იან მაჩვენებელს გადაცდება”, – განაცხადა შალელაშვილმა.