ეკა ბესელია: არასწორია ის ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ ამ ინიციატივის მომზადების თაობაზე

ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ფორმულირების შეცვლა ან დამატება ახლაც შესაძლებელია და თუ პრინციპს ეთანხმება უმრავლესობა, ფორმულირების შესაბამისობა კონსტიტუციასთან უბრალოდ საბაბია.
“რამდენიმე უზუსტობაა განცხადებაში. პირველი – არასწორია ის ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ ამ ინიციატივის მომზადების თაობაზე. მე ორჯერ დავაყენე საკითხი, მათ შორის ბოლო სხდომაზე, რომ უვადოდ მოსამართლეთა გამწესების შეჩერებას დაუჭერდნენ თუ არა მხარს. იდეას დაეთანხმა ყველა. არავის არც ერთ სხდომაზე არ უთქვამს, რომ არ ეთანხმება პრინციპს – ან ვერ თქვეს. არავის უთქვამს, რომ ეს იდეა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ეს არ ყოფილა შეუთანხმებელი.
რაც შეეხება ფორმულირებას, ამის თაობაზე განხილვა ამ დრომდე არც ფრაქციას, არც უმრავლესობას და არც კომიტეტს არ ჩაუნიშნავს. ფორმულირების შეცვლა ან დამატება ახლაც შესაძლებელია პირველ მოსმენამდე. თუ პრინციპს ეთანხმება უმრავლესობა, ფორმულირების შესაბამისობა კონსტიტუციასთან, საბაბია.
რაც შეეხება არგუმენტს, რომ ეს შეამცირებს მოსამართლეთა რაოდენობას, არ არის სწორი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მოსამართლეთა რაოდენობა შევამციროთ. არ ვამბობთ ასევე, რომ ახალი მოსამართლეების შემოსვლა და 3 წლით გამწესება შეუძლებელია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს. პარტიის პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები