“თურმე საბჭოთა კავშირი ხალხთა ციხე იყო”-მაღაზიაში აღმოჩენილი წიგნი და ერთ ღამეში გაგებული სიმართლე სსრკ-ზე

ბუკინისტურ მაღაზიაში ნაპოვნი წიგნი და ერთ ღამეში გაგებული სიმართლე საბჭოთა კავშირის შესახებ – სოციალურ ქსელში ლევან თაქთაქიშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ყვება როგორ შეიტყო ერთ-ერთი ცნობილი რუსი დისიდენტის, ვლადიმირ ბუკოვსკის წიგნიდან საბჭოთა კავშირის შესახებ სულ სხვა სიმართლე.
როგორც ირკვევა, ლევან თაქთაქიშვილმა წიგნი მაშინდელ ლენინის ქუჩაზე, გამომცემლობა”კომუნისტის” გვერდით მდებარე ბუკინისტურ მაღაზიაში, გადასაყრელად გამზადებულ, აკრძალულ წიგნებს შორის აღმოაჩინა და სახლში წაიღო.
“1986 წელია. სკოლაში ტელევიზიის ჯგუფი მოდიოდა და შეგვყარეს ერთ ოთახში 4 მე-8 კლასიდან კარგი აკადემიური მოსწრების ბავშვი. აბა, დემოკრატიაა და ის კითხვები უნდა დასვათ, რაც თქვენ გინდათო. იქ ისეთი კითხვები დასვეს, რომ ტელეჟურნალისტები უკმაყოფილო დარჩნენ. ერთი სიტყვით, დიდად საინტერესო პოლიტიკური სიმწვავით არცერთი კითხვა არ გამოირჩეოდა.
მეორე შაბათს დაგვიბარეს. დადგა ეს შაბათიც. სკოლის წინ ტელევიზიის დიდი მანქანა იდგა, შავი კაბელები გაჭიმული იყო სკოლის კორიდორში. სკოლის სააქტო დარბაზში შეგვყარეს. იქ წარმოგვიდგა რევაზ მიშველაძე და ლექცია წაგვიკითხა, სადაც თქვა, რომ ქუთაისი ქართული ქალაქია, თბილისი სომხური იყოო. ნაციონალური შემადგენლობა თბილისის შეიცვალა საბჭოთა დროს და ამას ქართული სოფელი შეეწირაო. თბილისს სომხები დაეპატრონებოდნენ, რომ არა მაზნიაშვილი, რომელმაც ლამის ერევანი აიღოო. მერე ჰკითხა დარბაზს: რამე კითხვა ხომ არ გაქვთო. უკან დამრიგებელი მეჯდა და მუჯლუგუნით მაგრძნობინა – ჰკითხეო. მეც ვკითხე: წინა კვირას თქვენი ნოველა გამოქვეყნდა ჟურნალ დროშაში “ჰიპია” და ვის გულისხმობდით მთავარ გმირში? ბრეჟნევს ხომ არა? – მეთქი. ბატონი რეზო შეიშმუშნა და მისაყვედურა: მწერალს აქვს უფლება პროტოტიპად ჰყავდეს ვინმე, მაგრამ ასე კითხვის დასმა არაეთიკურიაო. კაშნე მოიგდო კისერზე და შემდეგი კითხვაო, უფრო სერიოზულიო… წამოვედი ამ დარბაზიდან ყურებჩამოყრილი და სახლში მისვლამდე ბუკინისტურ მაღაზიაში გავქანდი მაშინდელ ლენინის ქუჩაზე, გამომცემლობა “კომუნისტის” გვერდით. შევედი მაღაზიაში და მივესალმე ბუკინისტ მამული კოხრეიძეს. რას ჩამოგიყრია ყურებიო? მკითხა. მეც მოვუყევი. ქუთაისური გაუშვიაო, თუ თავი არ ჰქონდა ეთქვა, რას სწერდაო. აგერ ახალი წიგნები მივიღე და ნახეო, ეს რაღაა მეთქი? ვკითხე. კი ვიცოდი, რომ ოთახში წიგნების ჩამბარებლები იმ წიგნებს, რომლებსაც არ იღებდა მაღაზია (ან უინტერესო ან აკრძალული იყო, რადგან ავტორი ან დახვრეტილი იყო, ან რეპრესირებული, იქვე ტოვებდნენ და ეს ის წიგნები იყო.) მეც ჩემი კითხვით დაშვებას ვიკეთებდი ამ წიგნებზე. იმ დღეს ამ წიგნებში რუსული წიგნი ვნახე, ნიუ- იორკში 1979 წელს ბუკოვსკის ავტორობით გამოცემული. წამოვიღე მარტო იმიტომ, რომ პირველად ვნახე ამ ქალაქში გამოცემული წიგნი. მოვედი სახლში და გაკვეთილების მომზადების მერე, ძილის წინ დავიწყე კითხვა. და ვაუ! რაღას დავიძინებდი? ჩემი საყვარელი სსრკ ერთბაშად დაინგრა. თურმე საბჭოთა კავშირი ხალხთა ციხე იყო. გავიგე, რომ ყოფილა ხალხი, რომელიც სხვა აზრის გამოთქმისათვის დაიჭირეს, რომ საბჭოთა კავშირში არცერთი ერი არ იყო თავისუფალი, რომ პოლიტპატიმრებით იყო სავსე ციხეები. გავიგე გუმილიოვზე და ესენინზე, როგორც ცნობილ პოეტთა ინოკომისლენნი შვილებზე. ჩვენი გამსახურდიაც შევადარე მათ. დილამდე ვიკითხე, წიგნი დავასრულე და უკვე დილა იყო, რომ დავიძინე. მეორე დღეს ბევრი ეცადნენ დედაც და ბებიაც, გავეღვიძებინე, მაგრამ ამაოდ. სკოლაში ვერ წავედი. სიცხე გამიზომეს, თვალები ჩასისხლიანებული მქონდა, თავი არაფრის გაკეთების, გადაწყვიტეს, რომ მოვიწამლე. ასეც იყო, მაგრამ არა საჭმლით. მე მთელი მეორე დღე შოკში ვიყავი. სულ მღრღნიდა ერთი რამ: ამ ცნობილი ხალხის შვილები რატომ იყვნენ ანტისაბჭოთა? ნუთუ ჩვენ გვატყუებენ საბჭოთა კავშირის საკრალურობით? მამაჩემთან კითხვას აზრი არ ჰქონდა. ვის ვკითხო? დედას? აზრი არ აქვს, მამაჩემთან მომიწევს შემდეგ დაკითხვის გავლა. ერთგული და მოღალატე ცოლები წავიკითხე 2 წლის წინ და სკოლაში დაიბარეს დედაჩემი, ბავშვს საიდან აქვს ასეთი ლიტერატურაო? მერე მამაჩემმა ლექცია ჩამიტარა და მითხრა: შენი გულისათვის პარტიიდან გამრიცხავენო. მეორე დღეს ქართულის მასწავლებელს ვკითხე: რატომ არის, რომ ცნობილი ხალხის შვილები სსრკ-ზე ცუდს ამბობენ-მეთქი. ვინ გაქვს მხედველობაშიო: გამსახურდია-მეთქი. ვინ გითხრაო? მამამ მეთქი. არც ასეა საქმეო, მითხრა დამრიგებელმა. ზვიად გამსახურდია საუკეთესო სპეციალისტია, ვეფხისტყაოსანზე არაერთი შეცდომა მიუთითა ინგლისელ მთარგმნელსო. ესენინი და გუმილიოვის შვილები-მეთქი? დაიბნა. არაფერი მითქვამს. მეორე დღეს ბუკოვსკის წიგნი კვლავ გადავათვალიერე და წავედი იგივე ბუკინისტურ მაღაზიაში. ბატონმა მამულიმ დამიძახა თუ არა, შემიყვანა თავის მისაღებში და მეკითხება: აქ გადასაყრელ წიგნებში ერთი წიგნი იყო თეთრ ყდაში, ნიუ იორკში გამოცემულიო, შენ ხომ არ აიღეო? არა-მეთქი, არაბუნებრივად სწრაფად ვუპასუხე, ალბათ მიხვდა, რომ ვტყუოდი; ხო, იცოდე, თუ აიღე, ჯობს გადააგდო, ეგ წიგნი გაგამწარებს, შენც და ოჯახსაცო. არავის მოუყვეო. რას ამბობთ, არ ამიღია-მეთქი. რომ ამეღო, რა იყო დასამალი, თქვენ ხომ მომეცით ნებართვა-მეთქი. გაშრა ბატონი მამული. არა, მე არც ვიცი იქ რა იყოო. მეტი ამ თემაზე ცხონებულს აღარასოდეს უკითხავს სსრკ-ს ჟამს.. ღამე ეს წიგნი საგულდაგულოდ დავმალე და ერთი კვირა ველოდი სახლიდან წაყვანას. ჩუმად ვემშვიდებოდი მშობლებს. მეგონა, რომ მალე ისინი გაუბედურდებოდნენ. მე დამიჭერდნენ. რამდენიმე თვის თავზე ისტორიის მასწავლებელმა სსრკ-ს შექმნაზე გვესაუბრა. სსრკ ცამდე აიყვანა, დოქტორი ჰაიდერი ჰყავთ ამერიკელებსო, ჩვენ კი პოლიტპატიმრები არ გვყავს და არც უკმაყოფილონი ჩვენი სისტემისო. მე კი ბუკოვსკი ვუხსენე. საიდან იციო? მეც პირდაპირ მივახალე: თქვენ მოგვიყევით-მეთქი. გამორიცხულიაო; მე კი ვუთხარი: მე მაბრალებთ, თუ გინდათ, ბოლომდე გვითხარით. თუ არა და რას გვეუბნები-მეთქი. სულ გათეთრდა ისედაც თეთრთმებიანი მოხუცი. ეს იყო და ეს. ისე დავამთავრე სკოლა, რომ ჯაში გაუძახებლად 5-ს მიწერდა. ჩემი და ერთი წლის შემდეგ ამთავრებდა სკოლას და ისტორიაში გამოცდა ჰქონდა. ის ისტორიაში არ ბრწყინავდა. რა გვარი ხარო? – ჰკითხა ჯაშმა – თაქთაქიშვილიო; ლევანი ვინ არის შენიო? ჩემი ძმააო, დააჭყიტა თვალები ანიმ. 5 დაუწერა. ანიმ მითხრა: ძალიან უყვარხარო. მე კი ვიცოდი, რომ სიყვარულის გარდა, რაღაც სხვა იყო მის ქმედებებში. ვფიქრობ, რომ სწორად არ მოვიქეცი, რომ ბურთი მის მოედანზე გადავაგდე. 10 წლის შემდეგ ეს წიგნი შემთხვევით შემეფეთა. ისევ ეს ამბები გამახსენდა. დღეს ის ანტიკვარულ წიგნად ითვლება. მაშინ კი საშიში იყო. ბუკინისტის სიტყვები არ დამავიწყდება: გაგამწარებსო.
გავიდა წლები… საბჭოთა კავშირი დაიშალა, მამული კობერიძე აღარ მიყურებდა როგორც ბავშვს, მაგრამ მოკრძალება მაინც მქონდა მისი. ერთ დღეს ამ წიგნზე ჩამომიგდო ლაპარაკი. ისე, ზოგადად. მეც გავუმხილე. მე ავიღე და ახლაც მაქვს მეთქი. ერთმა ვითომ დისიდენტმა შემომაჩეჩა სხვა წიგნებთან ერთადო. არ ვენდე, ვუთხარი: არ მინდა-მეთქი. არადა მაინტერესებდაო. დააგდო გასასვლელში და წავიდაო. მერე შენ მოხვედი და რომ მთხოვე, ვნახავო, უარი არ გითხარიო. მივხვდი, რომ წაიღეო. თან ვიფიქრე, რაიმე შარი არ ნახოსო. ასე ერთი კაცი იყო საშა მიქელაძე, ახალგაზრდა ბიჭი ბაზარში ხორცს ყიდულობდა 30-იან წლებში. ხორცის გამყიდველმა ილია ჭავჭავაძის გამოძიების მასალების ფურცლებში გაუხვია ნაყიდი ხორცი. საშამაც რაც იქ ეს მასალები იყო წამოიღო და ხალხს ანახებდა: კომუნისტებმა გადაყარესო. ბერიამ ჩააყუდა და 1956 წლამდე იჯდაო. რომ გამოუშვეს, ჩემს ბუკინისტურ მაღაზიაში მოდიოდა და იძახდა: რად გინდათ ეს ლენინის წიგნები, ეს ქვეყანა მძღნერია და დაიშლებაო. გადიოდა წლები და 1961 წლის აპრილში კოსმოსში რომ გაგარინი გაფრინდა, შემოვიდა საშა მიქელაძე და თავისი ალილუია დაიწყოო. მეც ვუთხარი: თუ სსრკ მძღნერია , რატომ არ იშლებაო, აენთო საშა და მითხრა: მძღნერია, მაგრამ ჯერ მიმფსმელი არა ყავსო.
ასეა, ლევან, მეგონა გამოჩნდნენ მიმფსმელები, მაგრამ როგორც ჩანს, ამდენი ხნის განმავლობაში გაქვავებულაო, – მითხრა ცხონებულმა მამულიმ.
ბევრი ვიცინეთ მაშინ”, – წერს ლევან თაქთაქიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები