ვასო ურუშაძე: მანქანის გამონაბოლქვში, CO-ს შემცველობის გადაჭარბების შემთხვევაში, მძღოლები უნდა ჯარიმდებოდნენ

ავტომობილების ტექდათვალიერების ე.წ. რეფორმა, ფაქტობრივად, ჩავარდა. მისი ეფექტიანობა თითქმის ნულს უტოლდება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ ტაქსების რეგულაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ვასო ურუშაძემ აღნიშნა, ავტომობილის გამონაბოლქვში co-ს შემცველობის გადაჭარბების შემთხვევაში მძღოლები უნდა ჯარიმდებოდნენ.
„ეს იყო მაშინ ძალიან მარტივი შესამჩნევი, როცა მიიღეს ისეთი ნორმატიული აქტები, რომლებიც გასული საუკუნის სტანდარტებზე უფრო დაბალი იყო. ანუ გამონაბოლქვის სტანდარტები იმდენად შეამცირეს და იმდენად დაბალი სტანდარტები დაწესდა, რომ ნებისმიერ სატრასპორტო საშუალებას მისი დაკმაყოფილება რეალურად შესძლებოდა. ეს ადასტურებდა იმას, რომ ტექდათვალიერება იქნებოდა ფორმალური.
თავად ტექდათვალიერება, როგორც მეთოდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონტროლის, როგორც მოძრაობის უსაფრთხოების კომპონენტში, ასევე ეკოლოგიის კომპონენტში, არის საკმაოდ მოძველებული, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ის ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც არის დღეს ამ სფეროში.
ამის ალტერნატივა და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის აღსრულება, რომლის შესაძლებლობას თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა. ანუ ჩვენ შეგვიძლია ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება მოვახდინოთ წელიწადში ერთხელ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ ერთი წლის განმვალობაში პრობლემა არ ექნება ავტომობილს, მის ძრავს ან საწვავის ხარისხს.
აქედან გამომდინარე, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთებულიყო აღსრულებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, რომელიც შეძლებდა აღსრულების გზით კონტროლს. შეიძლება, მანქანა არ ექვემდებარებოდეს ტექინსპექტრებას, ჰქონდეს პრობლემა, როგორც არის ხოლმე, ბოლავდეს, ამას ამჩნევდეს საპატრულო პოლიცია, ან თანამედროვე დანადგარები, რომელიც, შესაძლებელია, განთავსდეს საავტომობილო გზებზე. ისინი ადგენენ გამონაბოლქვში CO-ს შემცველობას, თუ ის იქნებოდა გადაჭარბებული, შეიძლებოდა გამოწერა საჯარიმო ოქმის, რომელიც იქნებოდა, ერთის მხრივ, ფინანსური, მეორეს მხრივ – ვალდებულება ავტომფლობელისთვის, რომ დარღვევა გამოესწორებინა. ანუ აღსრულების გზით მეტ შედეგს მივიღებთ, ვიდრე დღეს“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ განაცხადა, რომ ტექდათვალიერების გასავლელად მძღოლები გარკვეულ მანიპულაციებს მიმართავენ.
„ისევ ვხედავთ ქალაქის ქუჩებში მბოლავ ავტომანქანებს, განსაკუთებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ეს ლეგიტიმურ აღშფოთებას იწვევს. აღმოჩნდა, რომ საქართველოში საზოგადოებრივ ტრანსპორტს გავლილი აქვს ინსპექტირება და მაინც ბოლავენ. ფაქტია, რომ რაღაც პრობლემაა. ერთ-ერთი პრობლემა, რაც ინსპექტირების ცენტრებიდან ვიცით, ცენტრის შესვლის დროს ისინი ასხამენ მაღალი ხარისხის საწვავს და მეორე, იყენებენ რაღაც დანამატს, რომ იმ მომენტში გაიარონ შემოწმება. მთავარი პრობლემა, რაც დადგა ამ პროცესში არის ის, რომ კატალიზური გარდამქმნელები არ აქვს ასეთ მანქანებს“, – განაცხადა კვაშილავამ.
შეგახსენებთ, პირველი ოქტომბრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ეტაპი დაიწყო.
ტექშემოწმებას დაექვემდებარება ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მოცულობა 3,000 კუბური სმ ან მეტია.
ცნობისთვის, პირველი ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები ექვემდებარებიან.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში 2018 წლის პირველ იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. პერიოდული ტექნიკური შემოწმების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება, შემდეგი ეტაპების მიხედვით:
ა) 2018 წლის 3 იანვრიდან, ტექნიკურ შემოწმებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;
ბ) 2018 წ. I ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება.
გ) 2018 წ. I ოქტომბრიდან M1 – 3000 კუბური სანტიმეტრის ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება.
დ) 2019 წ. I იანვრიდან – M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები