“მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რათა საქართვლოს მიმართ ინტერესი მეტად გავზარდოთ”
„ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რათა საქართვლოს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, პრემიერმა განმარტა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საქართველოს საშუალებას აძლევს, რომ ევროპის ყურადღების ცენტრში მოექცეს.
გარდა ამისა, მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება საქართველოს საშუალებას აძლევს ქართული კულტურა თანამედროვე მსოფლიოსთან კიდევ უფრო დაუახლოვდეს.
„2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარია. აღნიშნულ ღონისძიებას თითქმის 500-წლიანი ისტორია აქვს და მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ფორმატია. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ არამარტო ევროპის ყურადღების ცენტრში, არამედ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი კულტურული კავშირები თანამდეროვე მსოფლიოსთან. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მსგავსი შესაძლებლობები, რათა საქართვლოს მიმართ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ინტერესი და მსოფლიომ უფრო მეტი გაიგოს ქართული ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, მხატვრობის, ჩვენი ფოკლორის, საქართვლოს ისტორიისა და კულტურის შესახებ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერმა მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ ადამიანებს.
„მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო, მათ შორის ჩვენს გერმანელ მეგობრებს, რომლებმაც უდიდესი დახმარება გაგვიწიეს, რათა საქართველო ძალიან მაღალ დონეზე იყოს წარმოდგენილი ამ ფორმატში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.