მამუკა ბახტაძე: საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცეა და თვისობრივად სრულიად ახალ ეტაპზეა
„აშშ-ში გამართულ ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ყველა მნიშვნელოვან ინსტიტუტთან, რომელიც მონაწილეობს პოლიტიკური გადაწყვეტილების მომზადებაში, მათ შორის – საექსპერტო საზოგადოებასთან.
როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა ყველა იმ ინიციატივაში, რომელიც ქართულმა დელეგაციამ წარადგინა და რომელიც ემსახურება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
„საქართველოს მთავრობის დელეგაციასთან ერთად ეს იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში. გვქონდა მაღალი დონის შეხვედრები თეთრ სახლში და სენატში ჩვენს მეგობრებთან. ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე ყველა იმ განზომილებაში, რომელსაც ჩვენს მეგობრებთან ერთად ვავითარებთ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გვქონდა შეხვედრები საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან. განვიხილეთ საქართველოში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები, ჩვენი რეფორმათა პაკეტი, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჩვენს რეგიონში ეკონომიკური ტურბულენტობა იზრდება; ვისაუბრეთ განათლების რეფორმასა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე. მსოფლიო ბანკი, ისევე როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ერთხმად აღნიშნავენ საქართველოს პროგრესს და როგორც რეგიონის ლიდერისა და რეგიონული საყრდენის როლს ფინანსური სტანდარტებისა და ბიზნესის კეთების კუთხით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი ქვეყანა, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამას დანერგავს ქვეყანაში.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს მსოფლიო ბანკში და საერთაშორისო სავალუტო ფონდში ამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმებს, რომელიც წარდგენილი იყო აშშ-ში ვიზიტისას გამართულ შეხვედრებზე, სრული მხარდაჭერა აქვს ყველა მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტისგან.
„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ორმხრივი ნაყოფიერი შეხვედრები მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინთან. გაეროს სესიის ფარგლებში გამოსვლა მქონდა ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აშშ-ში ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ესესია. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს იყო კარგი შესაძლებლობა, მთელი მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ გამოგვეტანა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა – ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მთელი მსოფლიოს თანამეგობრობის გასაგონად აღვნიშნეთ ეს გამოწვევები, ის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც გვაქვს ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რასაც სამწუხაროდ ყველანი ვხედავთ და ამავე დროს ჩვენ გავახმოვანეთ ის გზები, როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი ინიციატივებით ამ ჰუმანიტარული კატასტროფის დასრულებას და ბუნებრივია, აქ მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვჭირდება. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ ჩვენ ეს მხარდაჭერა გვაქვს” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა აშშ-ში ვიზიტს შედეგიანი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცეა და თვისობრივად სრულიად ახალ ეტაპზეა.
„ვფიქრობ,ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი იყო ძალიან შედეგიანი – საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცეა და თვისობრივად ახალ სრულიად ეტაპზეა. ჩვენ გვაქვს ახალი ინიციატივები, როგორ უნდა განვავითაროთ კიდევ უფრო ეს ურთიერთობები. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტ ტრამპს, სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს, მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს და მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების ყველა წევრს, რომელიც ასე გულმხურვალედ გვიჭერს მხარს. ისინი არიან საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი პასუხი ამ ინიციატივაზე – რომ ამერიკასთან ურთიერთობები გავხადოთ კიდევ უფრო ღრმა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.