მაია ცქიტიშვილი: რეალურად, საქმე გვაქვს “ნაცმოძრაობის” და “ომეგა ჯგუფის” დადგმულ სპექტაკლთან

რეალურად, საქმე გვაქვს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ომეგა ჯგუფის”, არ მინდა, ეს სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ დადგმულ სპექტაკლთან. ინსცენირებაა, ამ შემთხვევაში, რაღაც პროცესების, რომელსაც რამდენად ჰქონდა რეალობაში ადგილი, არავინ იცის – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა “ომეგა ჯგუფის” ირგვლივ განვითარებული პროცესების და ჩანაწერების თაობაზე განაცხადა.
“ეს არის საუბრები კერძო პირებს შორის – ყოფილ მინისტრს, ყოფილ პროკურორს, მაგრამ “ყოფილ”. ყველა ეს ადამიანი არის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელსაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არავითარი ეს საუბრები, არც მათი ვერსიით, არ გააჩნდათ იმ პერიოდში, როდესაც ისინი იკავებდნენ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობას.
შესაბამისად, ჩვენ ვისმენთ რაღაც კერძო საუბრებს. გუშინ ვნახე ბრიტანული საექსპერტო ბიუროს დასკვნაც, მათ შორის იმის თაობაზე, რომ არცერთი ეს ჩანაწერი არ არის ავთენტური. ინფორმაცია, რომელიც ამასთან დაკავშირებით გავრცელდა, არის, რომ ეს არის მონტაჟი, სხვადასხვა ჩანაწერი. ერთი ჩანაწერიც კი არ არის, სხვადასხვა საუბრის მონტაჟია. ადამიანები რაღაც ვერსიებზე ლაპარაკობენ და შესაბამისად, გაუგებარია”, -განაცხადა ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება მთავრობის კრიზისთან დაკავშირებით სხვადასხვა კომენტარს, ცქიტიშვილის თქმით, კრიზისი მთავრობას კი არა „ნაციონალურ მოძრაობას” აქვს.
“ვისმენ მთავრობის კრიზისთან დაკავშირებით სხვადასხვა კომენტარს. კრიზისი მთავრობას კი არა „ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, რადგან საარჩევნო პროცესშია და როგორც ჩანს, ვერც კანდიდატი კრეფს საკმარის ხმებს. შესაბამისად, საჭიროა ისევ იმ ხელწერით აპოკალიფსის განცდის შექმნა, რათა მოხდეს, ამ შემთხვევაში, ამ საარჩევნო პროცესში ჩართულობა. მეორეს მხრივ, “ომეგას”, როგორც ჩანს, აქვს კრიზისი, რადგან ვერ ახერხებს, უკვე მეთორმეტედ გადავადებული, საგადასახადო დავალიანების გასტუმრებას და შესაბამისად, ეს არის ამ სტრუქტურების მხრიდან ინსცენირებული სპექტაკლი, რათა სასურველ შედეგს მიაღწიონ”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი შეფასებით, ჩანაწერი, რა სახითაც ის გავრცელდა, ავთენტური არ არის.
მისი თქმით, სახელმწიფოს პასუხი ჩანაწერებზე იყო მყისიერი და გამოძიება პირველივე ჩანაწერის გავრცელებისთანავე დაიწყო.
„დასკვნაში ნათქვამია, რომ იმ საუბარში, რა სახითაც ის იყო წარმოდგენილი, იყო 7 ჩარევა და არის რამდენიმე საუბრის კოლაჟი. შესაბამისად, ხმები იყო ავთენტური თუ არა, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა იმ სახით, რა სახითაც ჩანაწერი წარმოდგენილი იყო, ეს ჩანაწერი არ დადასტურდა, შესაბამისად, ეს ჩანაწერი, ამ სახით, ავთენტური არ არის”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები