ბექა ოდიშარია: ჩვენ გვინდა პარიზის, ლონდონის, მადრიდისა თუ მილანის მსგავსი სატრანსპორტო პოლიტიკა

პარლამენტის უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ტაქსებთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებას აფასებს.
ბექა ოდიშარია მიიჩნევს, რომ თბილისში ახალი ტაქსების რეგულაცია მგზავრთა არა მარტო უსაფრთხოებას ემსახურება, არამედ ეს არის ევროპული სატრანსპორტო პოლიტიკის შემცველი.
ამასთან, დეპუტატი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თბილისის მერის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირონ.
„წინასაარჩევნოდ არაერთხელ აღმინიშნავს, რომ კალაძის კანდიდატურას სხვა პიროვნულ ღირსებებთან და უპირატესობებთან ერთად, ევროპული ცხოვრებისა და ადამიანებისათვის მუნიციპალური, თუ სხვა სერვისების მიწოდების ბუნებრივი ცოდნა ჰქონდა.
მას, მერად არჩევის შემდგომ, არ მოუწევდა ევროპაში ქალაქ-ქალაქ სიარული, რათა გაცნობოდა იქაურ მიდგომებს. ახლა, როდესაც კალაძე იღებს პრინციპულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ტაქსებთან დაკავშირებით, ის ნაკარნახევია მისი ცხოვრებისეული გამოცდილებით და მრავალჯერ ნანახით, გასიგრძეგანებულით, და არა ყურმოკრულ თუ გაგონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მის მიერ, ამ მიმართულებით, შემოთავაზებული ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა ევროპული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკისა და ადამიანების მომსახურების თანამედროვე სტანდარტის დამკვიდრების პრინციპული მცდელობა. მოუწესრიგებელი და არა ჰიგიენური ტაქსები, მხოლოდ უხიფათო როდია ჩვენი თანაქალაქელებისათვის, ეს ქვეყნის დამაზიანებელი სავიზიტო ბარათიც გახლავთ და ამაზე, სამწუხაროდ, არაერთ დედაქალაქის სტუმარს გაუმახვილებია ყურადღება. ჩვენ გვინდა, პარიზის, ლონდონის, მადრიდისა თუ მილანის მსგავსი სატრანსპორტო პოლიტიკა და დამერწმუნებით, ეს არც თუ ისე რთულია, ქალაქის ხელისუფლების შესაბამისი ნების არსებობის ვითარებაში. რადგან ასეთ ნებას თბილისის მერი ამჟღავნებს, ვფიქრობ, თბილისელებმა მხარი უნდა დავუჭიროთ მას და მძღოლის როლში ვიქნებით, თუ მგზავრის, უნდა გვესმოდეს, რომ საერთო საქმეს ვუდგავართ გვერდში”, – აცხადებს ბექა ოდიშარია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები