ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) სექტემბრიდან საქართველოში მრავალინდიკატორულ კვლევას იწყებს, რომელიც ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის კუთხით ბავშვთა მდგომარეობას შეისწავლის.  გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ინფორმაცია საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის ზრდის დინამიკაზე, რომლის ძირითად გამომწვევ მიზეზად დაბინძურებული გარემო ითვლება, ბავშვებში ტყვიის კომპონენტსაც გამოიკვლევენ.

ფრაქცია “ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის” თბილისისა და ევროპის ქალაქების მაგალითზე, სპორტისა და რეკრეაციული სივრცეების თავსებადობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე, რომლის ინიციატივითაც მიმდინარეობს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტზე მუშაობა, თვლის, რომ აღნიშნული პრობლემის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო გზა რეკრეაციული ზონების გაზრდა და აღნიშნულ ადგილებში სპორტული აქტივობისთვის განკუთვნილი სივრცეების შეთავაზებაა, რისი აპრობირებული პრაქტიკაც არსებობს ევროპის ქალაქებში.

ფრაქციაში მიაჩნიათ, რომ ურბანულად დატვირთულ ისეთ გარემოში, როგორსაც თბილისი წარმოადგენს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და რეკრეაციული სივრცეების თანხვედრა ხელსაყრელი იქნება საზოგადოების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში, ხელს შეუწყობს მათ სოციალურ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ ზრდას.

„ურბანულ სივრცეში სპორტული და რეკრეაციული სივრცეების შექმნა პირდაპირპროპორციულია ადამიანის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის ამაღლებასთან. საოფისე საქმიანობა, ვირტუალურ სივრცეზე მიჯაჭვულობა, ახალგაზრდების იზოლაციასა და დახურულ სივრცეებში ჩაკეტვას იწვევს. ეს გლობალური პრობლემაა, თუმცა, მაგალითად, ევროპულ ქალაქებში ფიქრი დაიწყეს იმაზე, რომ სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებებთან, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეკრეაციის განვითარებას. ამის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს ვარშავა წარმოადგენს, სადაც მცირე ზომის პარკებშიც კი არის საბავშვო სათამაშო სივრცეები, საშუალო და დიდ პარკებში კი როგორც სპეციალურად ბავშვებისთვის აღჭურვილი სათამაშო, ასევე ე.წ. სათავგადასავლო მოედნები, რაც ხელს უწყობს მოტორიკის განვითარებას. პარალელურად, მოზრდილებისთვის რეკრეაციული სივრცეები მოიცავს სათამაშო და სპორტულ მოედნებს, ჩოგბურთის კორტებს. ამ მხრივ, აღსანიშნავია ვარშავის ცენტრში, საქმიან უბანში, 76 ჰექტარზე გაშენებულია ყველაზე დიდი პარკი ვარშავაში – ვაჟიენკი პარკი, რაც მე-17 საუკუნიდან იყო სამეფო რეზიდენციის ტერიტორია, 1918 წლიდან კი მიენიჭა პარკის სტატუსი. გარდა ისტორიული დანიშნულებისა, მას აქვს სპორტული და კულტურული დანიშნულებაც. კერძოდ, მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია მცირე ზომის სტადიონი, ასევე ჩოგბურთის კორტები, ორანჟერეა. გარდა ამისა, აღნიშნულ პარკში მდებარეობს შოპენის ყველაზე დიდი მონუმენტი და ყოველი წლის ოქტომბერში იმართება შოპენის კვირეული, რაც კლასიკური მუსიკის ათასობით მოყვარულს მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ პარკის მიმდებარედ არის როგორც პოლონეთის სეიმი, ასევე საელჩოები.

ასევე, ვარშავის ცენტრში, 65 ჰექტარზეა გაშენებული მოკოტუვის პარკი, სიდიდით მე-2 დიდი პარკი ვარშავაში. მის წინ მდებარეობს ეროვნული ბიბლიოთეკა, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტი. აღნიშნული ტერიტორია 1934 წლამდე იყო ვარშავის აერპორტი, მიმდებარედ კი, 1939 წლამდე – საცხენოსნო ტერიტორია. დღესდღეობით, ამ ტერიტორიაზე არის ხელოვნური ტბები, ასევე სარბენი ბილიკები, ველოტრასები, სპეციალურად შექმნილი წინაღობები სკეიტებით სავარჯიშოდ. 2020 წლამდე კი, ამავე პარკში აშენდება ფეხბურთის სტადიონი და მცირე ზომის აუზები შესაბამისი, თანმდევი ინფრასტრუქტურით. აღნიშნული პარკი საყვარელი ადგილია ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც და ტურისტებისთვისაც, სადაც ძალიან ხშირად იმართება სხვადასხვა სახის სამოყვარულო და პროფესიონალური სპორტული ღონისძიება.

თბილისის დამეგობრებული 19 ქალაქიდან ერთ-ერთში, რიგაში არსებული ლუკავსალას პარკი, საუკეთესო მაგალითია, როგორ შეიძლება შეერწყას სპორტი და რეკრეაცია ერთმანეთს. აღნიშნულ პარკში ბავშებისთვის მოწყობილია მრავალპროფილური სათამაშო მოედნები, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურა ნიჩბოსნობისა და სერფინგისთვის.

მსგავსი ტრადიციები თბილისშიც არსებობს, რომელსაც მოფრთხილება და განვითარება სჭირდება. ამის საუკეთესო მაგალითი ვერის პარკია, სადაც ბაღის სპორტულ კომპლექსში შედის დარბაზი კალათბურთისა და ფრენბურთისთვის, საჩოგბურთო მოედნები, მცირე დარბაზი მოკრივეთა რინგითურთ, ჭადრაკის სასახლე, სადაც არაერთი მსოფლიო ჩემპიონი გაიზარდა. განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, თბილისის ფილტვებად წოდებულ ვაკის პარკსაც, სადაც მოწყობილია ბავშვებისთვის სათამაშო მოედნები და გასართობი სივრცეები. ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს ამ ტერიტორიის დაცვა და ნებისმიერი სახის უკანონო მშენებლობის აღკვეთა“,- ნათქვამია ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ საჯარო რეკრეაციული სივრცეები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თბილისისთვის.

„ასეთი სივრცეები ყველა ასაკის ადამიანისთვის უნდა იყოს გათვლილი და საჭიროა მათი იმ სახით კეთილმოწყობა, რაც საზოგადოებას ჯანსაღ გარემოში დასვენების საშუალებას მისცემს“,- ამბობს გეგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები