რამდენი მოწმე დაიკითხა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე – პროკურატურის ინფორმაცია

საქმეზე გამოძიების მიერ დაკითხული იქნა ასზე მეტი მოწმე, მათ შორის, უშუალოდ ინციდენტში მონაწილე, სკოლის 14 მოსწავლე – ამის შესახებ პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ისაუბრა.

პროკურორის თქმით, ორივე ბრალდებულმა წინასწარი გამოძიების ეტაპზე გამოიყენა დუმილის უფლება და არ მომხდარა მათი დაკითხვა. მათ სასამართლოს ჩვენება მხოლოდ მათი დაკავებიდან 6 თვის შემდეგ მისცეს.

„საქმეზე გამოძიების მიერ დაკითხული იქნა ასზე მეტი მოწმე, მათ შორის, უშუალოდ ინციდენტში მონაწილე, სკოლის 14 მოსწავლე – მოკლული ახალგაზრდების კლასელები და მეგობრები, რომელთაგანაც სამწუხაროდ, ვერცერთმა ვერ მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთაც აღნიშნულ ინციდენტში დანა ჰქონდათ, ანდა გამოიყენეს იგი.

ასევე, დაიკითხა ჩხუბში მონაწილე ბრალდებულების თანმხლები 4 არასრულწლოვანი, რომლებმაც რეალურად ითანამშრომლეს, გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთაც აღნიშნულ ინციდენტში დანა ჰქონდათ და გამოიყენეს. მათი აქტიური თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ცხელ კვალზე დანაშაულის გახსნა და მკვლელობის ჩამდენი დღევანდელი საქმის ბრალდებულების მხილება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ორივე ბრალდებულმა, წინასწარი გამოძიების ეტაპზე, გამოიყენა დუმილის უფლება და არ მომხდარა მათი დაკითხვა. მათ სასამართლოს ჩვენება მხოლოდ მათი დაკავებიდან 6 თვის შემდეგ მისცეს, არსებითი განხილვის ბოლო ეტაპზე და ამ ჩვენებების სანდოობას პროკურატურა შეაფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში. ასევე, დაველოდებით სასამართლოს განაჩენს, სადაც უნდა მოხდეს ამ ჩვენებების შეფასება.

რაც შეეხება დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის საქმეს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი (3 ერთი ოჯახიდან). აქედან 3 პირს შეფარდებული აქვს პატიმრობა, ორ პირს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება და ამავე დროს საქმეზე გრძელდება გამოძიება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა მხილების მიზნით.

ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ მედიასივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერები წარმოადგენს ზემოხსენებულ საქმეში გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალას, რომელიც მტკიცებულების სახით გადაცემულია დაცვის მხარისთვის და წარდგენილია სასამართლოში, შესაბამისად სპეკულირებაა იმაზე საუბარი, რომ ხსენებულ ვიდეოჩანაწერებს მალავდა ბრალდების მხარე. ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულია პირი, რომელიც მოძრაობს ცელოფნის პარკით ხელში. გამოძიებამ დაადგინა, რომ იგი არის ლ.კ. , რომელიც შეეცადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის მტკიცებულებების განადგურებას. გამოძიებამ აღნიშნული მტკიცებულებები მოიპოვა და დღეს ისინი სასამართლოშია წარდგენილი, ხოლო ლ.კ. სხვა 4 პირთან ერთად ბრალდებულია დანაშაულის დაფარვისთვის“, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები