ირაკლი კობახიძე ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის ვიცე-სპიკერს შეხვდა
ირაკლი კობახიძე მომავალ წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. მიწვევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის (პარლამენტის) ვიცე-სპიკერისგან, ვუ ჰენგისგან პირადად მიიღო.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის (პარლამენტის) ვიცე-სპიკერმა საქართველოს მხარეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ სფეროში და „ახალი აბრეშუმის გზის” პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა იყო. როგორც მხარეებმა განაცხადეს, აღნიშნული პროექტი ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გაღრმავდეს ხალხთაშორისი ურთიერთობები. შეხვედრაზე გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები – ნინო წილოსანი, ირაკლი მეზურნიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე დაესწრნენ.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-28 მარტს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.