“ერთი იმდენი, რომ ბავშვები გამაზრდევინა, თორემ ძალას კიდევ ვიპოვი”

34 წლის მარინა ბურდულის ცხოვრება 12 წლის წინ, 7 ივნისს შეიცვალა. ზაფხულის ერთმა დღემ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. იმ დღეს მარინა მეუღლესთან ერთად ქორწილში წავიდა. თუმცა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საავადმყოფოში აღმოჩნდა და ამჟამად მეორე ჯგუფის ქმედითუუნარობის პენსიას იღებს.

ორი შვილის დედის შემოსავალი 300 ლარია. მარტოხელა დედა ორი შვილით ქვეშეთის სკოლის ინტერნეტის 1 ოთახში ცხოვრობს, სადაც არც გაზია და არც წყალი. დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთის მოსახლის, 34 წლის მარინა ბურდულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „ქალები საქართველოდან“ აქვეყნებს.

„23 წლის ვიყავი. ეს ამბავი ზუსტად 12 წლის წინ, 7 ივნისს მოხდა. ჩემი 1 წლის და 3 წლის გოგონები დედასთან დავტოვე და ქმართან ერთად, მაზლის ქორწილში წავედით მაყარში. მძღოლი ნასვამი იყო. უშუალოდ ავარიის მომენტი არ მახსოვს. ისეთი ძლიერი შეჯახება ყოფილა, რომ მარცხენა ხელი ადგილზე მომწყდა. მანქანაში ჩემ გარდა არავინ დაშავებულა. 21 დღე კომაში ვიყავი. კომიდან რომ გამოვედი, დიდი დრო დამჭირდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციისთვის. ამიტომ 3 თვე გამაჩერეს საავადმყოფოში. როცა პირველად ფსიქოლოგი შემოვიდა და ჩემი ხელის მოკვეთის ამბავი მითხრა, არ გამჭირვებია ამის მიღება. თუმცა რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტად ვაანალიზებდი, რომ ერთი ხელით საქმის კეთება ძალიან გამიჭირდებოდა, თუმცა მეიმედებოდა ჩემი ოჯახი, რადგან ჩემს დედამთილთანაც და მულთანაც მეგობრული ურთიერთობა მქონდა – როგორც დები ისე ვიყავით. საავადმყოფოშიც მოდიოდნენ და გვერდით მედგნენ.

საავადმყოფოდან გამოწერის დღეს არავინ მოსულა, ჩემი მშობლების გარდა. კი გამიკვირდა, მაგრამ ცუდზე არაფერზე მიფიქრია. როცა მშობლებმა ქმრის ოჯახში მიმიყვანეს მარტყოფში, მერე მივხვდი ყველაფერს. დედამთილი საბერძნეთში დამხვდა წასული, ქმარი – ქირით თბილისში გადასული. მთელი სახლი დაცარიელებული იყო, მხოლოდ ჩემი ლოგინიღა იდგა. სახლში მხოლოდ მამათილი დამხვდა, რომელიც ძალიან მტრულად იყო ჩემ მიმართ განწყობილი. მაშინ მივხვდი ყველაფერს – ცალხელა ქალი არ ვჭირდებოდი არავის.

ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებდი ყოველთვის ოჯახში – საქონელი, სახლის დალაგება, ეზოს მოვლა, ყველაფერი ჩემს კისერზე გადადიოდა, მაგრამ ახლა როცა უუნარო გავხდი, აღარავის დავჭირდი და ზურგი შემაქციეს. კი, გავჩერდი ცოტა ხნით იმ სახლში, მაგრამ ძალიან მტრულად გვექვეოდა: შუქს და გაზს არ გვართვევინებდა, ტელევიზორი წაგვართვა. ამიტომ ძალიან ცოტა ხანში მშობლებმა თავის სახლში, ქვეშეთში წამიყვანეს.

ჩემი მშობლები 2 ოთახში, ჩემი ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობენ და რადგან იქ ჩემი ადგილი არ იყო, ახლა დროებით ქვეშეთის სკოლის ინტერნატში ვცხოვრობთ. 1 ოთახი გვაქვს, სადაც არც გაზია, არც წყალი და ელექტრობაც დიდი თხოვნის მერე გაგვიკეთეს. ასე დავიწყე მარტომ ბავშვების გაზრდა. ძალიან მეშინოდა, ერთი ხელით როგორ გამომივიდოდა საქმე, მაგრამ ერთი რომ ვცადე და შევძელი, მერე უკვე აღარ გამჭირვებია. ახლა წყალს ვეზიდები ეზოდან, ვრეცხავ, ვალაგებ, საჭმელს ვაკეთებ. ხანდახან არც კი მახსენდება, რომ ხელი არ მაქვს. რომ დავინახავ, რომ ვიღაც მომაშტერდება, მაშინღა ვხვდები მიზეზს.

ჩემი გოგონები ახლა 12 და 14 წლის არიან. მეხმარებიან, მაგრამ ძალიან განიცდიან იმას, რომ მამას 12 წელია ისინი არც უნახავს და არც მოუკითხავს. რამდენჯერმე დაურეკეს ბავშვებმა, ცეკვის თანხის გადახდა სთხოვეს, მაგრამ უარს ეუბნება. ის კი არადა, ბავშვები ფეისბუქზე არ დაამატეს ბებიამ და მამიდამ, ამოშალეს და დაბლოკეს.

ჩვენი შემოსავალი 300 ლარია – მე მეორე ჯგუფის ქმედითუუნაროს პენსიას ვიღებ 100 ლარს და სოციალურად დაუცველის სტატუსით, 200-ლარიან დახმარებას. სახელმწიფომ სარეცხის მანქანა კი გვაჩუქა, მაგრამ აბა წყალი არ გვაქს და ვერ ვამუშავებ. სასამართლოს მივმართე ალიმენტების საკითხზე და თითო ბავშვზე 60-ლარიანი ალიმენტი დააკისრეს. პირველი 2 თვე იხდიდა და მერე ისიც შეგვიწყვიტა. აღმასრულებელი კიდევ მეუბნება, რომ არაფერი აქვს საკუთარ თავზე გაფორმებულიო და ვერ მოვთხოვთო. ამ მხრივაც დაუცველები ვართ.

ძალიან ძლიერები ვართ ქალები. ერთი იმდენი, რომ ბავშვები გამაზრდევინა, თორემ ძალას კიდევ ვიპოვი. სადაც ამდენი შევძელი, კიდევ ბევრს მოვახერხებ“, -ამბობს მარინა ბურდული.

„კვირა“ ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები