ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას საკითხზე მიხეილ ჯანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე და გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ისაუბრებს
გაეროს გენერალურმა მდივანმა ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესია გახსნა, სადაც დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დღესვე საგარეო უწყების ხელძღვანელი შეხვედრებს გამართავს გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან და კოლეგა მინისტრებთან.
“გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ისევე როგორც გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ შემთხვევაზე, ისევე როგორც გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე. ქართული მხარე კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირება მოხდეს ამ უმძიმეს ფაქტებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. მიხეილ ჯანელიძე ასევე ისაუბრებს საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე”,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.