„ტყის კოდექსის” საჯარო განხილვა გაიმართა

სასტუმრო “rooms hotel Tbilisi”-ში „ტყის კოდექსის” საჯარო განხილვა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს “ტყის კოდექსის“ კანონპროექტის სამუშაო ვერსია გააცნო. სამინისტრომ ახალი „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის შემუშავება 2014 წელს დაიწყო.
კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის – მეორე ფაზა (ENPI FLEG II)“, ფარგლებში, რომელიც განახორციელა მსოფლიო ბანკმა.
შეხვედრას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ. კანონპროექტის ძირითადი მიმართულებების განხილვის შემდეგ, მათ მიერ წარმოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება „ტყის კოდექსის“ კანონპროექტის საბოლოო დოკუმენტში.
კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციიდან” გამომდინარე, ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ემყარება. საქართველოს ტყეების მართვა ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პრინციპების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. ასევე, დგინდება ტყის ახალი განმარტება და კატეგორიზაციის სრულიად ახლებური წესი. თითოეული კატეგორიის ტყე გამოყოფილია მისი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე. კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს საქართველოში ტყეზე საკუთრების ახალი ფორმების შემოღება.
შეხვერდას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები