ძიუდოისტთა ნაკრებმა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა  სამინისტროში  მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლა. ძიუდოისტებთან შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდა.

18-22 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 83 ქვეყნის 590 ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით გამოვიდა და ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

მსოფლიოს ჩემპიონი ჯაპა პაპინაშვილი (55 კგ) გახდა, რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელი ნატიგ გურბანლი დაამარცხა, მანამდე კი ფრანგ, ბრაზილიელ, მონღოლ და ყაზახ მეტოქეებს სძლია. ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (73 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მინდა მოგილოცოთ ჩვენი ძიუდოისტების კიდევ ერთი გამარჯვება, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვეს. ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი არ არის ურიგო შედეგი, ცხადია ჩვენ ძიუდოისტებისგან ყოველთვის მეტს ველით, მაგრამ გასათვალისწინებელია ის უდიდესი კონკურენცია, რომელიც ასეთი მაღალი დონის ტურნირებზე გვხვდება. 3 მედალი რა დასამალია და გვეცოტავება, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ ყოველთვის ერთნაირი წარმატებით გამოსვლა შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, გვეიმედება ამ ბიჭების და მჯერა უახლოეს წლებში ეროვნული ნაკრების სახელითაც ისევე წარმატებით იჭიდავებენ, როგორც ამას დღეს ახერხებენ. ცხადია, ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება იქნება შეუქცევადი და კიდევ უფრო შთამბეჭდავი. ძიუდოს ფედერაცია ძალიან წარმატებულად მუშაობს. წლეულს საქართველოს მასშტაბით არაერთი ძიუდოს დარბაზი გაიხსა, სადაც ჩვენი მომავალი თაობა, ძლიერი სპეციალისტების მეთვალყურეობით კომფორტულ პირობებში ივარჯიშებენ. ასეთი დარბაზების მშენებლობა ხელს შეუწყობს მასობრიობის ზრდას, რაც თავისთავად, დადებითად აისახება შედეგებზე“,- განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ვაჟები

-55კგ – ვანო ნინიაშვილი, ჯაბა პაპინაშვილი
-66კგ – ბაგრატ ნინიაშვილი
-73კგ – ტატო გრიგალაშვილი
-81კგ – ლუკა მაისურაძე, ტრისტან მოსახლიშვილი
-90კგ – იმედა გოგოლაძე, გიორგი ჩიქოვანი
-100კგ – ონისე სანებლიძე
+100კგ – გელა ზაალიშვილი

გოგონები

-57კგ – ეთერ ლიპარტელიანი
-63კგ – მარიამ ჭანტურია
+78კგ – სოფიო სომხიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლაშა გუჯეჯიანი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები