ბრუნდებიან თუ არა, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ, ქართველი ემიგრანტები – ინტერვიუ სოსო გიორგაძესთან

2013-2017 წლებში მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ გაცემული 23 011 დადებითი დასკვნიდან  86% საქართველოში დაბადებულ, ან საქართველოში დაბადებულ და, ამავდროულად, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს ეხება. რა კრიტერიუმებით ხდება  მათთვის მოქალაქეობის მინიჭება, რა ითვლება ქვეყნის წინაშე დამსახურებად?  რა არის ის გარემოებები, რომლებიც კომისიის  მიერ დადებითი შეფასების წინაპირობას იძლევა?  ბრუნდებიან თუ არა საქართველოში წლების წინ წასული ემიგრანტები მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ, –  ამ და სხვა საკითხებზე   „კვირას“    სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე –  სოსო გიორგაძე ვრცლად ესაუბრა. 

 – ბატონო სოსო, რა გარემოებებზე  დაყრდნობით განისაზღვრება, ის რომ ამა თუ იმ პირისთვის მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფოინტერესია?

– საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნების ჩამონათვალს,  რომლის უახლოესი წარსული მძიმე სოციალური-პოლიტიკური ძვრებით ხასიათდება. ასეთი ძვრები,   ხშირ შემთხვევაში, არის ხოლმე ერთ-ერთი წინაპირობა  ქვეყნიდან მიგრაციული ნაკადების გადინებისა.  საქართველოში ეს პროცესები  გააქტიურდა 90 -იან წლებში – საბჭოთა კავშირის დაშლის, აფხაზეთისა და ოსეთის  კონფლიქტისა და სხვადასხვა გარემოების გამო – ადამიანები მიდიოდნენ საქართველოდან და სხვა ქვეყანაში პოულობდნენ თავშესაფარს – ჩვენი ქვეყნის საკმაოდ დიდმა ნაწილმა დატოვა საქართველო და მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.   ამიტომ საქართველოში გაჩნდა მათ მიმართ მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით  საქართველოში დაშვებულია ერთი მოქალაქეობის პრინციპი. შესაბამისად,  აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებსაც არასოდეს  გაუწყვეტიათ საქართველოსთან არც სოციალური და არც კულტურული კავშირი, ხშირ შემთხვევაში, იყვნენ თავიანთი ოჯახის წევრების ძირითადი მარჩენალები, რეალურად დროებით სხვა ქვეყანაში სამუშაოდ  წასულები   ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სივრცის გარეთ, ანუ საქართველოს მოქალაქეობის გარეშე აღმოჩნდნენ.

სახელმწიფოსთვის  მათთვის მოქალაქეობის მინიჭება არის პრიორიტეტი,  სახელმწიფო ფიქრობს, რომ ასეთი ადამიანებისათვის მოქალაქეობის მინიჭება არის სახელმწიფოს ინტერესი და, რიგ შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულებაც.

– იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში მოქმედი  მოქალაქეობის საკითხთა კომისია  სწავლობს ორმაგი მოქალაქეობის მსურველთა განაცხადებდა შემდეგ ამზადებს დადებით, ან უარყოფით შეფასებას, როგორია ეს პროცედურა?

– დიახ,  სწორედ კომისია სწავლობს,  თუ რამდენად აკმაყოფილებს  საქართველოს  მოქალაქეობის მინიჭების მსურველი საგამონაკლისო წესით კანონმდებლობით არსებულ   კრიტერიუმებს. ხდება  თითოეული წარდგენილი საბუთის შემოწმება და მონაცემების  კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრა, ასევე სხვადასხვა უწყებასთან  ინფორმაციის გადამოწმება,  ვინაიდან  მოქალაქეობის მინიჭება არ არის მარტივი პროცესი,  ადამიანი გადის ძალიან მაღალი დონის შემოწმებას, გაწერილია უარის თქმის საფუძვლები  და ა.შ..

რა ძირითადი გარემოებები შეიძლება გახდეს უარის თქმის საფუძველი იმ  პირისთვისაც კი, რომელსაც ოდესღაც უკვე ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა?  

– ეს არის ეროვნული უსაფრთხოების  საკითხები, ასევე, თუ პირი  ისეთი დანაშაულისთვის არის ნასამართლევი, რომელიც განსაკუთრებით მძიმეა, მაგალითად, დანაშაული ჩაიდინა კაცობრიობის წინააღმდეგ. კონკრეტული პირის მონაცემების შესწავლის შემდეგ  კომისია ამზადებს დადებით ან უარყოფით დასკვნას. დადებითი დასკვნის შემთხვევაში მონაცემები შუამდგომლობის სახით ეგზავნება პრეზიდენტს, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, უარყოფითი  ანგარიშის შემთხვევაში პრეზიდენტს აღარ მივმართავთ. იმ შემთხვევაში, თუ  მოქალაქეობრივ საკითხთა კომისიის  მსჯელობის საფუძველზე სააგენტომ მიიღო  უარყოფითი გადაწყვეტილება, ასეთ დროს სასამართლოში პასუხისმგებელია სააგენტო  და არა პრეზიდენტი.  თუმცა,   იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა მოქალაქეობის მინიჭება,  მას შეუძლია, რიგ შემთხვევაში, პროცედურის დაუცველად მიანიჭოს  საქართველოს მოქალაქეობა.

–   როგორც აღნიშნეთ, დასკვნა ეფუძნება  სიღრმისეულად გამოკვლეულ გარემოებებსკომისია მოქალაქის  შესახებ ინფორმაციას, ძირითადად, უწყებებიდან იღებს?

– ეს უწყებებია: სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახური,  სახელმწიფო დაზვერვის სამსახური,   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, გამოვითხოვოთ ინფორმაცია  ფინანსთა, ეკონომიკის სამინისტროებიდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან  და ა.შ. საბოლოოდ,  ანალიზდება  თავად მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ამა თუ იმ ორგანოდან  მოწოდებული მონაცემები,  ის, თუ გასაუბრებაზე კომისიამ შინაგანი რწმენით როგორი შთაბეჭდილება  ჩამოიყალიბა  მოქალაქის მიმართ და იქმნება  დადებითი ან უარყოფითი შეფასება.

 

რა ითვლება ქვეყნის წინაშე დამსახურებად?  რა არის ის გარემოებები, რომლებიც კომისიის  მიერ დადებითი შეფასების წინაპირობას იძლევა?

– ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრები, ასევე სახელმწიფოს წინაშე დამსახურებად არის ხოლმე მიჩნეული ისეთი საქმიანობა, რომელმაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის  პოპულარიზაციას – ესენი არიან ცნობილი ქართველი  ხელოვანები, სპორტსმენები.

რატომ დადგა დღის წესრიგში მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ სტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა?

– ზოგადად, მოქალაქეობის მინიჭების საკითხი არაერთხელ გამხდარა განხილვისა და კრიტიკის  საგანი – თუ რატომ არ მიენიჭა, ან მიენიჭა ამა თუ იმ პირს მოქალაქეობა.  იქიდან გამომდინარე, რომ  კონკრეტულ შემთხვევებზე გაჩნდა  კითხვები,  ამიტომ  იმის განსასაზღვრად –   ეს დაკავშირებულია ჩვენი მხრიდან არასწორ  მიდგომაზე თუ  პირიქით, განაწყენებული ადამიანების სუბიექტურ შეფასებაზე,  გადავწყვიტეთ, რომ პასუხი ყოფილიყო არა შეფასებითი ნაწილი და ამბის მოყოლა, არამედ ანალიზის  გაკეთება, რომელიც  დაყრდნობილი იქნებოდა ზუსტ ფაქტებზე.

  სწორედ ამიტომ,  მიმდინარე თვეში, ჩვენ გამოვაქვეყნეთ კომისიის   საქმიანობის დეტალური ანგარიში კომისიის გადაწყვეტილებებზე, უარის საფუძვლებზე, კრიტერიუმებზე კითხვა –  იმასთან დაკავშირებით,  თუ რა  კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს  მოქალაქეობის საკითხთა კომისია,  რა ღირებულებებს ეფუძნება იუსტიციის სამინისტროს პოლიტიკა, არის პასუხგაცემული. ეს პასუხი ეყრდნობა კონკრეტულ ციფრებს.  ეს ციფრი თავისთავად მეტყველებს, თუ რა მიდგომა აქვს სახელმწიფოს.

2013-2017 წლებში, კომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების 32 523 განაცხადი იქნა განხილული, რომელთაგან 23 011 საქმეზე დადებითი დასკვნის სახით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების რეკომენდაცია გაიცა. კომისიის დადებითი დასკვნების 86%-ის შემთხვევაში, რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გაიცა იმ პირებზე, ვინც ან საქართველოში დაბადებული, ან საქართველოში დაბადებული და, ამავდროულად, საქართველოს ყოფილი მოქალაქე, ან კიდევ მათი ოჯახის წევრები იყვნენ.

პრაქტიკის თანახმად, რომელი ქვეყნის მოქალაქეები მიმართავენ  კომისიის გავლით საქართველოს პრეზიდენტს საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით?

– ეს ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია  და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნები, ანუ ამ ქვეყნებიდან მომართვიანობა შედარებით მაღალია,  შემდგომი პერიოდი ხასიათდება ევროკავშირის ქვეყნებში მიგრაციით, უფრო შემდგომ ამერიკა და კანადა,  ანუ ჩვენს ქვეყანაში განვითარებული   პოლიტიკური და სოციალური პროცესები ასახულია მომართვიანობაზე.

ბრუნდებიან თუ არა საქართველოში წლების წინ წასული ემიგრანტები?

-თუ პირობითად ავიღებთ  პოსტსაბჭოთა ქვეყნებში –  რუსეთში, უკრაინაში  ან ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებ   ქართველებს, მათ   საქართველოში შემოსვლისთვის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა ისედაც არ სჭირდებათ, რადგან   მათთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს.  ამ გარემოებიდან გამომდინარეც შეიძლება ითქვას, რომ დიახ,   ძირითად შემთხვევებში,  საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სურვილი პირდაპირ კავშირშია სამშობლოში დაბრუნების სურვილთან, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო ტენდენციაა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები