თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ქალი ამშობიარეს – “დედა და პატარა გაბრიელი თავს კარგად გრძნობენ”

ორხევის დასახლებაში გამოძახებაზე მისულმა სასწრაფოს ექიმებმა მანქანაში ორსული ქალი ამშობიარეს.

როგორც თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მშობიარობის შედეგად პატარა გაბრიელი დაიბადა.

დედა და პატარა გაბრიელი ახლა „უნიმედ-კახეთში“ იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ.

„დღევანდელი დილა სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის პირველი რაიონული სამსახურის ექიმებისთვის ერთ-ერთი დაუვიწყარი იქნება, რადგან მათ სასწრაფოს მანქანაში, ექსტრემალურ ვითარებაში მიიღეს მშობიარობა.

დედა და პატარა გაბრიელი ახლა „უნიმედ-კახეთში“ იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ.

ყველაფერი კი ერთ-ერთი მორიგი გამოძახებიდან დაიწყო. 0113 ბრიგადა ორხევში, ერთ-ერთ მისამართზე გავიდა. წინასწარი ინფორმაციით, ორსულ ახალგაზრდა ქალს მუცელი ტკიოდა.

ადგილზე მისვლისთანავე ექიმებმა დაადგინეს, რომ პაციენტის ჰოსპიტალიზირება აუცილებელი იყო.

„მანქანის დაძვრისთანავე გოგონას მშობიარობა დაეწყო. ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. მანქანა გავაჩერეთ და სამივემ ოპერატიულად ვიმოქმედეთ. მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ძალიან დაგვეხმარა ჩვენი მძღოლი – დავით ივანეიშვილიც, რომელიც სამეანო პაკეტების აღებისთვის დროს არ გვაკარგვინებდა და ყველა ჩვენს მითითებას ასრულებდა. ამ დროს ბავშვის მამაც მანქანაში იყო და დაბნეული გვადევნებდა თვალს. პატარას დაბადების შემდეგ ყველა საჭირო მანიპულაცია ჩავატარეთ. ჩვილი თბილად გავახვიეთ და ზუსტად 8 წუთში საავადმყოფოში ვიყავით“, – იხსენებს უფროსი ექიმი ნინო კვირიაშვილი.

მშობიარობიდან ორ საათში „უნიმედ-კახეთს“ ბრიგადის მეორე ექიმი – თამარ კობერიძე დაუკავშირდა და დედისა და პატარა გაბრიელის მდგომარეობა იკითხა.
„ორივენი კარგად არიან. მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა და ახლა დედა-შვილი საავადმყოფოს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან“, – ამბობს თამარ კობერიძე.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ულოცავს ახალგაზრდა ოჯახს ვაჟიშვილის დაბადებას!„ – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები