გიორგი კვირიკაშვილი გია ჭირაქაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გია ჭირაქაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
”ძალიან დამწყვიტა გული გია ჭირაქაძის გარდაცვალებამ. მისი სახელი თითოეული ჩვენგანისთვის ქართულ სიმღერასთან ასოცირდება, ასოცირდება ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელ ანსამბლ „ქართულ ხმებთან“, რომლის დამფუძნებელიც და გამორჩეული წევრიც იყო გია ჭირაქაძე.
მთელი გულით თანავუგრძნობ ბატონი გიას ოჯახს, ყველა მეგობარს და კოლეგას”, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში. მომღერალი გია ჭირაქაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. გია ჭირაქაძე წლების განმავლობაში ანსამბლ ,,ქართული ხმების“, შემდეგ უკვე ანსამბლ ,,დიელოს’’ წევრი იყო. მან 18 წელი იმუშავა ტელევიზიაში.
მის სახელს უკავშირდება შოუმენის კულტურის დამკვიდრება საქართველოში. 2014 წელს კი ჭირაქაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. გასულ წელს გია ჭირაქაძეს ფილარმონიასთან ვარსკვლავი გაუხსნეს.