თალაკვაძე პეტრიაშვილის დაჭრაზე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ შემთხვევის სწრაფი გამოძიება მოხდეს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბუკა პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტის სწრაფი და ეფექტური გამოძიება მოხდეს.
შესაბამისი განცხადება შს მინისტრის მოადგილემ ტელეიმედის“ გადაცემა „პოლიტიკაში“ გააკეთა.
მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე, ახალი ინფორმაციის თქმა არ შეუძლია.
„გამოძიებისთვის ძალიან ცოტა დროა გასული ამ ფაქტის შემდეგ. წინასწარ გარკვეული სიახლეების გაცხადებისგან თავს შევიკავებ. ჯანდაცვის სისტემამ მაქსიმუმი გააკეთა, რომ სათანადო დახმარება აღმოეჩინა ბუკა პეტრიაშვილისთვის, ხოლო ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ შემთხვევის სწრაფი და ეფექტური გამოძიება მოხდეს, დაველოდოთ გამოძიებას გონივრული დრო მაინც მივცეთ, ჩემი კოლეგა ვინც პირადად კურირებს საპოლიციო სფეროს მთელი დღის განმავლობაში იმ პოლიციელებთან და გამომძიებლებთან ერთად იმყოფება ვინც ამ საქმით არის დაკავებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თბილისში, უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევა დღეს, საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.