დავით უსუფაშვილი „სამსუნგ ელექტრონიქსის“ პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა ქალაქ სუონში, კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსის“ (“Samsung Electronics”) ვიცე-პრეზიდენტთან, კიმ დოჰიუნთან, ასევე, საქართველოსა და რეგიონულ მენეჯერებთან გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კიმ დოჰიუნმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციას „სამსუნგ ელექტრონიქსის“ პროდუქტები, უკვე დანერგილი ტექნოლოგიები, ინოვაციები და სამომავლო გეგმები გააცნო.
მისი განცხადებით, „სამსუნგ ელექტრონიქსი“ სრულ ინფორმაციას ფლობს საქართველოს ბაზრის შესახებ. როგორც კიმ დოჰიუნმა აღნიშნა, „სამსუნგ ელექტრონიქსის“ პროდუქტების ქართულ ბაზარზე წარმატება კომპანიისთვის მნიშვნელოვანია.
დელეგაცია, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, კორეის რესპუბლიკაში ვიზიტს 28 თებერვალს დაასრულებს. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები – დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი და ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი დავით მაღრაძე შედიან.