დავით უსუფაშვილი: რამდენიმე თვეში საქართველოს კორეის პარლამენტის თავმჯდომარე ესტუმრება
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, რამდენიმე თვეში საქართველოში კორეის პარლამენტის თავმჯდომარე ჩამოვა და პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდება.
დავით უსუფაშვილმა კორეაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„კორეის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი პირველად შედგა. მოგეხსენებათ, სამხრეთ კორეა არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. მისი ეკონომიკური წარმატება-ეს არის უნიკალური და იაპონიასთან ერთად, იგი რეგიონში ლიდერი ქვეყანაა. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთ კორეასთან ურთიერთობების გაღრმავება. შეხვედრებმა ჩაიარა ძალიან საინტერესოდ პარლამენტის თავმჯდომარესთან, მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენელთან, სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლებთან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ამასთანავე, პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საქართველოში კორეელი ბიზნესმენები ჩამოვლენ და სხვადასხვა პროექტს განახორციელებენ.
„კორეელი ბიზნესმენები საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტად ხედავენ მათთვის საინტერესო პროექტებს. იცით, რომ რამდენიმე თვის წინ დაიწყო სერიოზული პროექტი, 1 მლრდ-მდე ინვესტიციის. სამხრეთ კორეულმა კომპანია K Water-მა დაიწყო ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ნენსკრას პროექტი და ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი კომპანიები, როგორიც არის „სამსუნგი“ და სხვა გამოჩენილი, წამყვანი, გლობალური მნიშვნელობის კომპანიები. ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნით და ჩვენი სათქმელიც სწორედ ეს არის.
ჩვენ მათ გავაცანით საქართველოს უნიკალური შესაძლებლობები, რომ გახდეს ევროპას და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდი და რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული პოტენციალი ამ თვალსაზრისით. გარდა ამისა, საინტერესოა კულტურული ურთიერთობების გაღრმავება.
დღევანდელი მდგომარეობით კორეის სხვადასხვა უნივერსიტეტში 30-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობს, პრაქტიკულად, ყველა მათგანი არის კორეის სხვადასხვა ფონდის მიერ გაცემული სტიპენდიებით ჩამოსული ამ ქვეყანაში, ასე რომ, ჩვენ ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო გავაღრმავებთ“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მისი თქმით, საქართველოს კიდევ ერთი პარტნიორი ქვეყანა შეემატება კორეის რესპუბლიკის სახით.
დავით უსუფაშვილი კორეელ კოლეგას საქართველოს ტურიზმის შესახებაც ესაუბრა.
„ძალიან მალე, რამდენიმე თვეში, ჩვენ საპასუხო ვიზიტით გვესტუმრება კორეის პარლამენტის თავმჯდომარე და ამ დროისთვის უკვე ხელს მოვაწერთ ჩვენს პარლამენტებს შორის მეგობრობის და თანამშრომლობის მემორანდუმს და ამით საქართველოს კიდევ ერთი, ძალიან სერიოზული პარტნიორი ქვეყანა შეემატება ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ გვექნება კიდევ შეხვედრები სხვადასხვა ადგილებში, კონკრეტულად, გვექნება საუბარი ტურიზმის განვითარებაზე. ბოლო სამი წლის განმავლობაში კორეელ ტურისტთა რაოდენობა საქართველოში გაორმაგდა და ძალიან დიდი პოტენციალია ამ თვალსაზრისითაც. ასე რომ, ველით კიდევ ძალიან საინტერესო შეხვედრებს უახლოეს ორ დღეში“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.