გიორგი აბაშიშვილი: ვერ ვხედავ იმის მიზეზს, რომ პარლამენტმა კობა გვენეტაძეს მხარი არ დაუჭიროს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, არსებულ ვითარებაში, იმის მიზეზი, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს, არ არსებობს.
ჟურნალისტებთან საუბრისას აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ გვენეტაძემ პარლამენტის ორი კომიტეტის მხარდაჭერა უკვე მოიპოვა.
“დღეს ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს და საბჭოს წევრს, გიორგი ქადაგიძეს ეწურება პრეზიდენტობის ვადა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქვეყნის პირველი პირის დავალებით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე ეროვნული ბანკის საბჭო ყოფილიყო სრულად დაკომპლექტებული.
მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საბჭოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან წარდგენილი ყოფილიყო კობა გვენეტაძის კანდიდატურა.
პარლამენტის ორმა კომიტეტმა მას უკვე დაუჭირა მხარი და არსებულ ვითარებაში – ვერც პოლიტიკური და ვერც ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, ვერ ვხედავ რაიმე ტიპის მიზეზს კანდიდატის მხარდაჭერის უარყოფასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. ეროვნული ბანკის საბჭოში მის შემცვლელად პრეზიდენტმა პარლამენტს სწორედ კობა გვენეტაძის კანდიდატურა შესთავაზა, თუმცა აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად მას საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა სჭირდება.