უკრაინაში მმართველი კოალიცია დაიშალა

უკრაინის უმაღლეს რადაში მმართველი კოალიცია ფრაქცია „სამოპომოშმა“ დატოვა, რომლის ლიდერი ლვოვის მერი ანდრეი სადოვოია.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს მმართველი კოალიციიდან გასვლის შესახებ იულია ტიმოშენკოს „ბარკივშინამ“ განაცხადა. ეს გადაწყვეტილება „სამოპომოშის“ ფრაქციის ლიდერმა ოლეგ ბერეზიუკმა ასე ახსნა: „ახლა შექმნილია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“, „სახალხო ფრონტის“ და „რეგიონების პარტიის“ ნარჩენების სახელისუფლებო კავშირი. მას ოლიგარქები აკონტროლებენ. ამ მოქმედებებმა უკრაინის მთავრობის ლიგიტიმაცია მოახდინა. ეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის ხელყოფის მცდელობაა, რამაც საპარლამენტო კოალიცია „ევროპული უკრაინა“ საბოლოოდ დაშალა.
განსაკუთრებით ცინიკურია ის ფაქტი, რომ ოლიგარქების კავშირი მაიდნის ტრაგიკული ამბებიდან ორი წლის შემდეგ და დებალცევოს ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ შეიქმნა“, – განუცხადა ბერეზიუკმა ჟურნალისტებს.
„ბატკივშინას“ და „სამოპომოშის“ გადაწყვეტილების შესახებ რადის სხდომაზე სპიკერმა, ვლადიმირ გროისმანმა უნდა განაცხადოს. ამის შემდეგ მმართველი კოალიცია არსებობას შეწყვეტს, ვინაიდან „პეტრო პოროშენკოს ბლოკს“ და „სახალხო ფრონტს“ 226-ის ნაცვლად 215 დეპუტატი რჩება. თუ კოალიციის დაშლის შემდეგ 30 დღეში ახალი კოალიცია არ შეიქმნა, უკრაინის პრეზიდენტს პარლამენტის დაშლა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა შეუძლია. „ბატკივშინამ“ და „სამოპომოშმა“ კოალიცია იმის გამო დატოვეს, რომ უმაღლესმა რადამ 16 თებერვალს მთავრობის უნდობლობის დადგენილებას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები