“თი-ბი-სი” ბანკი საქართველოში მოქმედ სასტუმროებს ონლაინგადახდის სერვისს სთავაზობს
“თი-ბი-სი” ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში მოქმედი სასტუმროები (ბრენდირებული და საოჯახო სასტუმროების გარდა) საკუთარი მომხმარებლისთვის ვებგვერდის, ონლაინდაჯავშნისა და ონლაინგადახდის სერვისის შეთავაზებას შეძლებენ.
სასტუმროები, რომლებიც პროექტში ჩაერთვებიან, მზა ონლაინვებგვერდით ისარგებლებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველი და უცხოელი ტურისტები სასტუმროს შესახებ ინფორმაციის მიღებას, ოთახის დაჯავშნასა და საფასურის გადახდას უკვე ონლაინ, კონკრეტული სასტუმროს ვებგვერდის საშუალებით შეძლებენ. მომხმარებელს საფასურის გადახდა ნებისმიერი ტიპის ბარათით შეეძლებათ, ონლაინგადახდების სისტემას “თი-ბი-სი” ბანკი უზრუნველყოფს. პროგრამა სიახლეა საქართველოს ბაზარზე და ის მიზნად ისახავს, ტურისტული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას. პროექტს კომპანია „პროსერვისი“ “თი-ბი-სი” ბანკისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ახორციელებს. ახალი ონლაინპროგრამის – „სასტუმროების მართვისა და ონლაინ დაჯავშნის სისტემების“ პრეზენტაცია ბანკის სათავო ოფისში გაიმართა და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, “თი-ბი-სი”-ის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და საქართველოში მოქმედი სასტუმროების წარმომადგენლები დაესწრნენ.
”სასტუმროების მართვისა და ონლაინდაჯავშნის სისტემის“ ინტერგრაცია უკვე დაწყებულია და ის ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, „პროსერვისის“ ტექნოლოგიების ექსპერტები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგებს უსასყიდლოდ ჩაატარებენ.