პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს, სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე დაასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს, სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე დაასახელებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, იქამდე დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების ფარგლებში კანდიდატურების განხილვა გაგრძელდება.
“ცხადია, საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე. მივასალმებით ამ თვალსაზრისით პროფესიულ დისკუსიას, მაგრამ არც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არც მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, არ იქნება და ვერ იქნება გამართლებული ღია პროცესით შერჩეული კანდიდატის არდამტკიცება. კანდიდატურები წარმოდგენილია, შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და, ვფიქრობ, პრეზიდენტი იანვრის ბოლომდე დაასახელებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის თავმჯდომარესა და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს, გიორგი ქადაგიძეს მიმდინარე წლის თებერვალში უფლებამოსილების ვადა ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები