სისტემური ავარიის გამო, საგურამოსა და ნატახტარში განთავსებულ ობიექტებს წყალმომარაგება შეუწყდათ

საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მომხდარი სისტემური ავარიის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ არაგვის ხეობაში – საგურამოსა და ნატახტარში განთავსებულ ობიექტებსა და სატუმბო სადგურებს შეუწყდათ.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. სისტემური ავარია დღეს დილით, დაახლოებით 06:35 საათზე მოხდა.
„მიუხედავად იმისა, რომ სისტემური ავარიის აღმოფხვრა სწრაფად გახდა შესაძლებელი, წყალმომარაგების ძირითადი ობიექტების ფუნქციონირების აღსადგენად გარკვეული დრო არის საჭირო. არაგვის ხეობაში განთავსებული ობიექტებით დედაქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი სასმელი წყლით მარაგდება.
გარდა ამისა, სისტემური ავარიის შედეგად, ჰიდრავლიკური დარტყმა მიიღო საგურამოს სატუმბო სადგურიდან გამომავალმა 1400 მმ-იანმა მაგისტრალურმა წყალდენმა, რომელიც ავარიულად დაზიანდა, რამაც წყალმომარაგების შეწყვეტა გამოიწვია.
შექმნილი ვითარების გამო, ამ ეტაპზე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს ვაკის, საბურთალოს, გლდანის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილს.
არსებული ვითარების სტაბილიზაციისთვის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. წყალმომარაგების აღდგენა, დღეს, 15:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე ეტაპობრივად გახდება შესაძლებელი“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები