საგანგებო შტაბის სხდომაზე რეგიონის გზებზე არსებული ვითარება განიხილეს

დიდთოვლობასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის  ლევან შონიას მეთაურობით საგანგებო შტაბის სხდომა ჩატარდა, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შტაბის სხდომაზე დეტალურად მიმოიხილეს რეგიონის გზებზე არსებული ვითარება. გაირკვა, რომ ამ დროისთვის ყველა ცენტრალური გზა  და ასევე, სოფლების გზების უმეტესობა გაწმენდილია. ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები შიდა გზებზე მიმდინარეობს.
გუბერნატორის განცხადებით, დილიდან დამატებითი ტექნიკით მოხდება გაწმენდითი სამუშაოების წარმოება და დღის ბოლომდე არცერთი მიმართულებით პრობლემა არ უნდა შეიქმნას.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ამაშუკელმა კი განაცხადა, რომ გუბერნიაში არსებული შტაბი კოორდინირებულად მუშაობდა მუნიციპალიტეტების შტაბებთან, რამაც შედეგი გამოიღო და არსებული პრობლემების მოგვარება ერთობლივად და დროულად ხდებოდა.
შტაბის სხდომაზე რეგიონის მასშტაბით ელექტრო მომარაგების მხრივ არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „სანიმუშოდ იმუშავა ენერგო-პრო ჯორჯიამ, რისთვისაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ. ახალი წლის დღეებში ამ ადამიანებს არ დაუსვენიათ და საშინელ ამინდში იბრძოდნენ წინა ფრონტზე, რათა მოქალქეებს ჰქონოდათ ელექტროენერგია. მათი ეს შრომა დასაფასებელია“,- აღნიშნა ელოშვილმა.
კომპანიის ხელმძღვანელებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა მხარის გუბერნატორმაც.
სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი აირით მომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს  ცხელი ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები