მერიაში „ოლიმპოს“ დემონტაჟთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერი დავით ნარმანია სანდრო ეულის ქ. N5-ში სკოლა „ოლიმპოს“ მოედნის დემონტაჟთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს შეხვდა.
დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სკოლა „ოლიმპოს“ მოედნით მოსარგებლე სპორტსმენებისათვის ალტერნატიული მოედნის ტერიტორიის მოძიებასა და მოწყობაზე იმსჯელეს.
თბილისის მერის განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში, მიწის ნაკვეთების გასხვისება ხდებოდა ტერიტორიებზე არსებული სპორტული კომპლექსების – მოედნების, საცურაო აუზების და ა.შ. შენარჩუნების ვალდებულების გარეშე, შესაბამისად, სანდრო ეულის ქ.#5-ში სამშენებლო ნებართვის გაცემა ისე, რომ ხელშეკრულებით არ იქნა გათვალისწინებული სკოლა „ოლიმპოს“ მოედნის შენარჩუნების ვალდებულება, გახლავთ ნათელი მაგალითი იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც თბილისის მერიას დედაქალაქის წინა მმართველობისგან ერგო.
„სანდრო ეულის ქ.N5-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი მიკროუბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) პროექტი წარმოდგენილი პარამეტრების შესაბამისად დამტკიცებულია 2014 წლის 31 მარტს და დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის იმჟამინდელი მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე.
გამომდინარე აქედან, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიკროუბნის განაშენიანების ნებართვა, სწორედ, დედაქალაქის წინა მმართველობის პერიოდშია გაცემული და შესაბამისი იურიდიული პროცესიც ამ დროიდან იწყება. შესაბამისად, თბილისის მერიას დღეს, პროცესის ხელის შესაშლელად სამართლებრივი ბერკეტი აღარ გააჩნია, რადგან, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, აღნიშნული ტერიტორია კერძო პირის საკუთრებაა, საკუთრების უფლებას კი ქვეყნის უზენაესი კანონი – კონსტიტუცია იცავს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დედაქალაქის მთავრობა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მუშაობს სკოლა „ოლიმპოს“ მოედნით მოსარგებლე სპორტსმენებისათვის ალტერნატიული მოედნის ტერიტორიის მოძიებასა და მოწყობაზე.
თბილისის მთავრობა შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ჩვენი მომავალი თაობა, სპორტსმენები არ დარჩნენ სავარჯიშო მოედნის გარეშე და სხვადასხვა საშუალებებით შევძლოთ გამოვასწოროთ იმ მანკიერი პრაქტიკის შედეგები, რომელიც დედაქალაქის წინა მმართველობის პირობებში ტერიტორიების უპასუხისმგებლო გასხვისებით დაინერგა. აღნიშნული დღეს, საკმაოდ, მძიმე შედეგებისა და ფაქტების წინაშე გვაყენებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, თბილისის მერიის, სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი აპირებს, მიმართოს საკრებულოს, რათა დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა და სამომავლოდ, სპორტული ობიექტები უფრო მეტად დაცული იყოს, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
„მოგეხსენებათ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში და მათ შორის, ქალაქის მერის უშუალო ინიციატივით, 2015 წელს მოხდა ძალიან დიდი მატება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით – სპორტულ ინფრასტრუქტურას შეემატა არაერთი დარბაზი, არაერთი სასახლე და ეს პოლიტიკა შემდგომშიც გაგრძელდება. არათუ, ახალი ობიექტები შეემატება თბილისს, არამედ ძველიც, შესაბამისად, უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ლევან კობიაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში, თბილისის მერიის მიერ, მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მოედნის მოწყობისათვის შესაბამისი ადგილი გამოინახება, რათა მომავალი თაობა, სპორტსმენები სავარჯიშო სივრცის გარეშე არ დარჩნენ. შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი, ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონიც ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები