დავით სერგეენკო: იაშვილის კლინიკის ექიმებს შეუძლიათ, სამინისტროს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ

„იაშვილის კლინიკაში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს, რომელიც ექიმებს ეხება, სამინისტროს პროფესიული განვითარების სააგენტო დეტალურად სწავლობს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმითვე, იაშვილის კლინიკის ექიმებს შეუძლიათ, სამინისტროს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარონ.
“იაშვილის კლინიკა ერთ-ერთი სათავო დაწესებულებაა ბავშვთა სტაციონალურ სერვისებში და ალბათ, იქ პაციენტების ყველაზე დიდი ნაკადია. სამწუხაროდ, იქ ხდებოდა შემთხვევები, როდესაც თავს დაესხნენ მკურნალ ექიმს, რომელიც რამდენიმე ხანში გარდაიცვალა. ასევე, ახლახან იყო საჩივარი პაციენტის მკურნალობაზე. ყველა ასეთ შემთხვევას, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების სააგენტო დეტალურად სწავლობს და გამოაქვს დასკვნები.
თუ იაშვილის კლინიკის ექიმებს სურთ, რომ სხვა რესურსები და საერთაშორისო ექსპერტები ჩართონ, ალბათ უნდა გაგვიზიარონ თავისი მოსაზრება”, -განაცხადა სერგეენკომ.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებმა დღეს საგანაგებო განცხადება გაავრცელეს.
“ვითვალისწინებთ რა საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესს ჩვენი კლინიკის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უცხოელ დამოუკიდებელ ექსპერტებთან გადამოწმდეს და დასკვნის სახე მიეცეს რამდენიმე სადავო შემთხვევას და, საჭიროების შემთხვევაში, ეს დასკვნა გახდეს საზოგადოებისთვის გამჭვირვალე.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ დავაკნინებთ ქვეყანაში ექიმის როლს და დავიცვათ ექიმის უფლებები, მორალურად ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც თეთრი ხალათი აცვია, ძალიან რთულია, გაუძლოს ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად დაუმსახურებელ აგრესიას და ზეწოლას”, – ნათქვამია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები