შს მინისტრის ინფორმაციით, პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს – ვიდეო

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დღეს დილით ქალაქ თელავში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, მაია ჯავახიშვილის სანახავად თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მივიდა. მინისტრი დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
„ძალიან მიჭირს რაიმე სახის კომენტარის გაკეთება. იცით, ალბათ, რომ ჩვენი ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა, მეორე – ფაქტობრივად, სიკვდილს ებრძვის. უმორჩილესი თხოვნა მექნება ყველა ჟურნალისტთან: ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რადგან საზოგადოება შედის შეცდომაში. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დამნაშავე საპატრულო პოლიციის შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ეს ასე არ არის. გასროლა განხორციელებულია სანადირო თოფით საპატრულო პოლიციის ტერიტორიის მიღმა. დაკავებული პიროვნების ეზოსა და სახლს საპატრულო პოლიციის შენობის ეზოსგან ერთი ღობე ჰყოფს. მან თავისი ეზოდან განახორციელა გასროლა და ამ პიროვნებას, წინასწარი მონაცემებით, ფსიქიკური პრობლემები აქვს“, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრმა, ასევე, უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას დანაშაულის შესაძლო მოტივის შესახებ და განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, დაკავებულის მხრიდან რაიმე სახის შურისძიებას ან სხვა გარემოებას ადგილი არ ჰქონია.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მეორე თანამშრომელი გადარჩეს, რისთვისაც დამატებით ჩამოვიყვანეთ ექიმები თბილისიდან,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები