“მთავარი, რაც დავამკვიდრეთ, ეს არის ის, რომ მთავრობა დღეს უსმენს თავის თანამოქალაქეებს”

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამი წლის განმავლობაში მთავრობამ გააკეთა ძალიან ბევრი რამ იმისათვის, რომ მოეხდინა დემონსტრირება, თუ როგორ შეიძლება მთავრობამ იმოქმედოს მისი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად, – ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობამ გადაჭრა არაერთი დაგროვილი პრობლემა.
“მათ შორის, ჯანრთელობის დაცვის უფლება მიეცა ყველას, მათ საკუთრებაში არსებული მიწის დამუშავების საშუალება მიეცათ სოფლად მცხოვრებ თანამოქალაქეებს… ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ მთავარი, რაც დავამკვიდრეთ, ეს არის ის, რომ მთავრობა დღეს უსმენს თავის თანამოქალაქეებს. ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი კულტურა ქართულ პოლიტიკაში და ვართ მოწოდებულნი, რომ ამ გზას მივყვეთ მომავალში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტის მთავარი პრიორიტეტი და ქვაკუთხედი იქნება ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება. “ეკონომიკური განვითარების ეს პრიორიტეტი აისახება ყველა სახელმწიფო დოკუმენტში, სტრატეგიაში, სამოქმედო გეგმაში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები