გოგა ჩანადირის ახალი ინიციატივა – „მოდით, შევამციროთ გზებზე სიკვდილიანობა“

„ბოლო წლებში ავარიებით იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რამდენიც აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების დროს ერთად აღებული. შემაშფოთებელია“, – ამის შესახებ ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის ინიციატივით გამოდის.
“ჩვენ ვიცავთ მოძრაობის წესებს” – ასე ჰქვია გოგა ჩანადირის მიერ წამოწყებულ აქციას. გოგა ჩანადირი განმარტავს, რომ აქციაში ჩასართავად საჭიროა გადავიღოთ ფოტო, როგორ ვიცავთ მოძრაობის წესებს და იგივეს გასაკეთებლად არანაკლებ 5 ადამიანი გამოვიწვიოთ. ეს აქცია ყველას ეხება – მძღოლსაც და ქვეითსაც.
“ვფიქრობ, დადგა დრო, საგზაო მოძრაობის უფრო მაღალი კულტურა გამოვავლინოთ. ბოლო წლებში ავარიებით იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რამდენიც აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების დროს ერთად აღებული. შემაშფოთებელია. მოძრაობის წესების დამრღვევები ვართ ფეხით მოსიარულენიცა და მძღოლებიც. ეს საკითხი ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. მოდით, ვიყოთ უკეთესები და უფრო მოწესრიგებულნი. მოდით, შევამციროთ გზებზე სიკვდილიანობა, ხელი შევუწყოთ წესების დაცვას. ჩვენს სახელმწიფოს ჩვენვე მივხედოთ და ნუ დაველოდებით სხვას. ჩვენს გარდა თავს არავინ შეიწუხებს ჩვენი საკუთარი სახლის – სახელმწიფოს ასაშენებლად.
საგზაო მოძრაობის წესების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი ღერძია. გთავაზობთ აქციას: “ჩვენ ვიცავთ მოძრაობის წესებს”. ამისათვის საჭიროა გადავიღოთ ფოტო, როგორ ვიცავთ მოძრაობის წესებს და იგივეს გასაკეთებლად არანაკლებ 5 ადამიანი გამოვიწვიოთ. ეს აქცია ყველას ეხება – მძღოლსაც და ქვეითსაც. უმოქმედობა ნიშნავს, რომ ხელს ვუწყობთ სიცოცხლის მოსპობასა და სახელმწიფოს მშენებლობის დამუხრუჭებას. ჩემს ფბგვერდზე გამართული დისკუსიიდან ირკვევა, რომ ძირითადი პრობლემაა ზებრა ხაზების უგულებელყოფა, გზის არასწორად გადაჭრა, ღერძულა ხაზის გადაკვეთა, სიჩქარის გადაჭარბება, საცობებიდან გამოსვლით გზის ჩახერგვა და ასე შემდეგ. ნუ ვიქნებით გულგრილნი. ეს აქცია არ გულისხმობს ვინმეს მხილებას, გაკიცხვასა და დადანაშაულებას. პირიქით, ერთმანეთი წესრიგის დასაცავად წავახალისოთ. გადავარჩინოთ სიცოცხლე. აქციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევ როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს“,- წერს გოგა ჩანადირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები