ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილი ოჯახებისათვის 136 ბინა 2 785 767 ლარად გამოისყიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი თბილისში, უნივერსიტეტის ქ. N6-ში მდებარე სასტუმრო „ამირანის“ ყოფილ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
სამინისტრომ 136 დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისგან გამოისყიდა და უახლოეს მომავალში დევნილებს საკუთრებაში გადასცემს.
უწყების ინფორმაციით, სასტუმრო „ამირანის“ ყოფილ შენობაში დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობენ, მიუხედავად ამისა, შენობას ამ დრომდე კერძო მესაკუთრე ჰყავდა, რის გამოც დევნილებისათვის ბინების დაკანონება შეუძლებელი იყო. ლტოლვილთა სამინისტრომ უნივერსიტეტის ქ. N6-ში მდებარე შენობა კერძო მესაკუთრისგან 2 785 767 ლარად გამოისყიდა. ამ ეტაპზე, სამინისტროს დაფინანსებით ობიექტის გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, სამინისტრომ 291 758 ლარად, 20 დევნილი ოჯახისათვის, ნუცუბიძის ქ. N56-ში მდებარე შენობაში არსებული საცხოვრებელი ფართებიც გამოისყიდა.
ცნობისთვის, 2012 წლიდან დღემდე, კერძო მესაკუთრეებისაგან 877 დევნილი ოჯახისთვის 20 ობიექტია გამოსყიდული.