სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას ევროკომისარი ვიტენის ანდრიუკაიტისი გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ევროკომისარს ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის დარგში, ვიტენის ანდრიუკაიტის შეხვდა. შეხვედრაზე ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
მინისტრმა ყურადღება ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა და „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ისაუბრა.
ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების პროცესში არსებული მდგომარეობის შესახებ.
„მნიშვნელოვანია, ევროკომისარს გავაცნოთ ის მიღწევები, რასაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დარგის განვითარების მიმართულებით მიაღწია. მოგეხსენებათ, სურსათის უვნებლობა არის ერთ-ერთი უმნიშნიშვნელოვანესი მიმართულება და ევროკავშირის დირექტივების დიდი ნაწილი, სწორედ ამ მიმართულებაზე მოდის. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა ძალიან ინფორმაციული და ნაყოფიერი იყო“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
ორმხრივი შეხვედრისას ევროკომისარმა დადებითად შეაფასა დარგში განხორციელებული რეფორმები და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სანდო პარტნიორი და მხარდამჭერია.
,,მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი შეხვედრა პროდუქტიული, კონსტრუქციული და თანამშრომლობითი იყო. ჩემთვის შთამბეჭდავი მესიჯია, რომ საქართველო მზად არის, ითანამშრომლოს ევროკავშირთან. ჩვენ ვნახეთ რეალური, პრაქტიკული და პოზიტიური მაგალითი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სახით, სადაც დანერგილი ახალი ტექნოლოგიები აბსოლუტურ თანხვედრაშია ევროკავშირის სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სტანდარტებთან. მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის პოლიტიკის მხარდაჭერა, სახელმწიფო ეხმარება საზოგადოებას, რომ მიირთვან უსაფრთხო საკვები, რომელსაც აკონტროლებს ასეთი მძლავრი ლაბორატორია. მე ვარ ძალიან ამაყი სურსათის უვნებლობის დარგში აღნიშნული პროგრესით“, – აღნიშნა ევროკომისარმა, ვიტენის ანდრიუკაიტისმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოთარ დანელიამ ევროკომისარს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, სურსათის ეროვნული სააგენტო და ღვინის ეროვნული სააგენტო დაათვალიერებინა და უწყებების საქმიანობა ადგილზე გააცნო. ევროკომისართან გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები