ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი პრინციპებია – სამართლიანობა, კანონიერება და ჰუმანურობა

ჩვენ მიერ გაცხადებული მთავარი პრინციპები იყო და არის: სამართლიანობა, კანონიერება და ჰუმანურობა. პოლიციელი სამართლიანად და კანონის ფარგლებში უნდა ემსახურებოდეს საკუთარ საქმეს და ჰუმანურად ეპყრობოდეს მოქალაქეებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს პოლიციელების მძიმე შრომა არასდროს უნდა დაავიწყდეთ.
“ჩვენი მთავრობისთვის და პირადად, ჩემთვის, ძალიან ძვირფასია თითოეული პოლიციელი. ვიცი, რაოდენ რთულია თქვენი საქმინაობა, მაგრამ ამავე დროს, ხშირად ავიწყდებათ, მათ შორის, პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს, თუ რაოდენ მძიმე ტვირთს ატარებთ თქვენ. ეს არის 24-საათიანი მუშაობა, უძილო ღამეები, ძალიან მძიმე შრომა, რომელსაც თქვენ ეწევით. თქვენი მთავარი საზრუნავი მოსახლეობისა და ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა, ჩვენი ქვეყნის ძლიერებაა“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სწორედ მისი მინისტრობის პერიოდში დაიწყო ის რეფორმები, რამაც სამინისტრო გააძლიერა და მეტად ჰუმანურ და სამართლიან სტრუქტურად აქცია. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, პოლიციელების სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება სწორედ კოალიცია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში იქნა მიღწეული.
„ჩემთვის საამაყო და საპატიოა, რომ ერთი წლის განმავლობაში მერგო პატივი, რომ ვყოფილიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი. შემიძლია ამაყად და თავისუფლად გითხრათ, რომ მე გულწრფელად ვემსახურე შინაგან საქმეთა სამინისტროს. მჯერა, რომ თითოეული ჩვენ მიერ გაკეთებული საქმე აძლიერებდა ამ სამინისტროს, ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ამ სისტემის გარდაქმნის საქმეში, სწორედ ჩემს დროს დაიწყო ის ტრანსფორმაცია, რამაც განაპირობა პოლიციელების სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება. ჩვენ მიერ გაცხადებული მთავარი პრინციპები იყო სამართლიანობა, კანონიერება და ჰუმანურობა, რაც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს. პოლიციელი სამართლიანად უნდა ემსახურებოდეს საკუთარ საქმეს, რომ საკუთარი სამშობლოსა და მოქალაქეების წინაშე იყოს პირნათელი. როგორც მთავარი კანონის დამცველმა, არ უნდა დაარღვიოს კანონი. ეს არის ჩვენ მიერ გაცხადებული პოლიტიკა, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ადამიანობა და ჰუმანური მოპყრობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ეს პოლიტიკა ჩვენ ჩემი მინიტრობის დროს დავიწყეთ და დღესაც წარმატებულად გრძელდება ბატონი გომელაურის მეთაურობით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები