თბილისის მერიის ორგანიზებით წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ორგანიზებით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, ვაკის პარკის მედიათეკაში წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენა-გაყიდვა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ დაათვალიერეს და წიგნებიც შეიძინეს.
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია მომავალშიც დაუჭერს მხარს ამგვარ ღონისძიებებს. “ძალიან მნიშვნელოვანია წიგნისადმი სიყვარული პატარაობიდანვე ჩავუნერგოთ ჩვენს შვილებს, რათა უფრო განათლებულები და მომავალზე ორიენტირებულები გაიზარდონ, ეს კი, ძირითადად, წიგნით არის შესაძლებელი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მედიათეკაში მთელი დღის განმავლობაში თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაცია და წიგნის პოპულარიზაციის საკითხზე დისკუსია გაიმართება. საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე ჩაატარებს ლექციას საავტორო უფლებების დაცვის თემაზე.
გამოფენა – გაყიდვაში 22 გამომცემლობა მონაწილეობს. გამომცემლები 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი მოზარდებს საჩუქრად წიგნებს გადასცემენ. გამოფენა-გაყიდვა მთელ დღეს გასტანს.
წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის მსოფლიო დღე საქართველოში 2003 წლიდან აღინიშნება.
„იუნესკოს“ გადაწყვეტილებით, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღე 1995 წლიდან მთელს მსოფლიოში აღინიშნება. იუნესკო ამ დღეს მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, ახალგაზრდებს გაუღვივონ წიგნის კითხვის ინტერესი, გააფართოვონ წიგნის გამოცემა და ხელი შეუწყონ საავტორო უფლებების დაცვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები