“ინფორმაციას ვერ გავცემთ” – რას აცხადებენ კომპანიაში, რომელსაც სამართალდამცველები ამოწმებენ

კომპანია “აუთდორ. ჯი”- ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. როგორც „კვირას“ კომპანიის ოფის-მენეჯერმა განუცხადა, კომპანია, ძირითადად, გარე რეკლამებზე მუშაობს. კომპანიის დირექტორი კონსტანტინე ჭავჭანიძე ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
„ამ ეტაპზე კომპანიის დირექტორი და არცერთი თანამშრომელი ჟურნალისტებთან კომენტარს არ ვაკეთებთ. შემოწმების შესახებ ინფორმაციას ვერ გავცემთ“, – აღნიშნა ოფის-მენეჯერმა თათიამ, რომელმაც გვარი არ გაამხილა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია “აუთდორ. ჯი“-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება – გასაღება, ან გამოყენებას გულისხმობს.
ცნობილია, რომ გამოძიება კომპანიის როგორც კონტრაქტორ, ისე შვილობილ კომპანიებშიც მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია გარე რეკლამების კომპანია “აუთდორ. ჯი”-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას სწავლობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას 2014 წლის სექტემბერში განაცხადა. “ჩვენ ვსწავლობთ კომპანია “აუთდორ.ჯი”-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას. მეც დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი ოლიგოპოლისტი, რომელსაც შესაძლოა, მონოპოლისტი ეწოდოს, რადგან ყველაფერი, რაც დაკავშირებულია გარე რეკლამასთან, მასთან არის თავმოყრილი”, – აცხადებს ნარმანია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია „აუთდორ.ჯი”-ს სახელი ჯერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ნათესავებს უკავშირდებოდა, შემდეგ კი – ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს. გარერეკლამის ბაზარზე მთავარი მოთამაშე „ალმა +“ იყო. 2009 წელს რეკლამის დიდი ნაწილი კომპანია „აუთდორ.ჯი“-ს ხელში გადავიდა. 2009 წელს თბილისის მერიამ აუქციონის წესით ორი ნებართვა გასცა, რომელიც გარე რეკლამის განთავსებას 12 წლით ითვალისწინებს. მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე აბრები „აუთდორ.ჯი“-ს გადაეცა, მარცხენა სანაპიროზე კი ლიცენზია „მაგი სტილი მედიამ“ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები